რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დათო გორგილაძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა. იგი ამჟამად სასტუმროშია იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც მასავით კორონავირუსი აქვს. დათო სასტუმროში არსებულ ვითარებას, ვირუსთან ბრძოლის მისეულ მეთოდებს და ფიქრებს ფეისბუქში პოსტად აღწერს:
„სასტუმროში ყველა ახველებს.
ეს ხველა არ ჰგავს საავადმყოფოს პალატებიდან გამომავალს, ეს სხვანაირი ხველაა - აუცილებლად მშრალად და აუცილებლად ორჯერ.
მესამე დღეა ეს ორი ყრუ ჩახველება მომესმის ყველა მხრიდან: მეზობელი ნომრებიდან, ქვედა და ზედა სართულებიდან. თითქოს ეს ორი ჩახველებაა კოდური ნიშანი, რომლითაც აქ მყოფები ერთმანეთს ვაგებინებთ, რომ ერთი ორდენისა თუ საძმოს წევრები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას ერთმანეთი თვალით არ გვინახავს და ვერც ვნახავთ.
სამაგიეროდ ეს ხმა შიშისმომგვრელია სასტუმროს პერსონალისთვის, ძალიან თავაზიანი ადამიანებისთვის, რომლებიც დღეში სამჯერ საკვებს გვიტოვებენ კართან და, თუ დაგვჭირდა, ტელეფონსაც თავაზიანად პასუხობენ. მათი შიში კი სისწრაფეში გამოიხატება - ულუფის დატოვებისას ჯერ ფეხის ხმას გრძნობ, შემდეგ პოლიეთილენის პარკის შრაშუნს, რასაც მოსდევს კარზე ორჯერ მოკაკუნება და სწრაფი ნაბიჯები. ნაბიჯები, რომლებმაც მარდად უნდა წაიყვანოს ის ჩვენგან სამშვიდობოს.
ყოველი დაკაკუნებისას, აბატი ფარიას მსგავსად, მჭახედ გავძახებ: „დიდი მადლობა", მართალია პასუხს ვერ ვიღებ, მაგრამ განცდა მაქვს, რომ მოესმა და მადლიერება მიიღო.
ჩემმა მეზობელმა, რომელთან ერთადაც გავცქეროდი თბილისს, დღეს სასტუმრო დატოვა. ვითომ რა, სამი დღეა ვიცნობ და ჩვენი საუბარი ინფექციის, ამინდის, მოახლოებული არჩევნებისა და მსგავსად უინტერესო თემებს არ გასცდენია, მაგრამ ჩვენი დამშვიდობება რაღაცით ჰგავდა ციხის მეგობრების დამშვიდობებას, როცა ერთი ძველ ცხოვრებას უბრუნდება, მეორესთვის კი ძველი ცხოვრება შორია. ეს განცდა იმანაც გაამძაფრა, რომ აივნის ქვის მოაჯირზე შოკოლადი დამიტოვა. შოკოლადს არ ვჭამ, მაგრამ იმის განწყობაზე კი მაყენებს, რომ მეც შევძლებ აქედან ჩემი ფეხით გასვლას.
10 კვ/მ-ის ფართობში ვარჯიში უფრო იოლია, ვიდრე სიარული. თავბრუ მალევე გესხმის და საწოლი გიხმობს. არც ფილტვის ვარჯიშია იოლი, მაგანაც იცის რეტის მოცემა. ისე კი, ვფოჩიხობ რაცხანაირად. იქ ბუქნს გააკეთებ, იქ ძვალს გაატკაცუნებ, განმკლავი, ზემკლავი, რას გიხსნით...
ახლა, ამ პოსტის წერისას ერთი სასიხარულო ამბავი გავიგე, რომელიც მე არ მეხება, მაგრამ ჩემი ორდენის წევრს - კი. ამიტომაც, მეც მომითბო გული. რომელიღაც ოთახის თხელი კედლიდან ქალის ხმა გამოვარდა: „ვაიმე, კატლეტის გემო ვიგრძენი"... სამშვიდობოს გადმომდგარა, ღმერთმა გაუმარჯოს.
ყველაზე გაუსაძლისი ოჯახის წევრების მონატრება და ჭერის ყურებაა. ერთ შემთხვევაში ტექნოლოგიები მიმსუბუქებს ყოფას, მეორე შემთხვევაში ჯეპ გამბარდელას გამოცდილება: თუ ძალიან მოინდომებ, თეთრ ჭერზე კამკამა ზღვას დაინახავ, რომელსაც კატერი გადასერავს. მთავარია, არ მოკვდე, მთავარია, დარჩე“.
თეკლა ჟვანია