15 წლის გოგონას გარდაცვალებაზე, რომელიც კორონავირუსს ებრძოდა, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მცირე განმარტება გააკეთა. გადაცემა „კურიერის“ ეთერში მან განაცხადა, რომ პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმების ყურადღების ქვეშ.
„ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოხლე. ეს პაციენტი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გახლდათ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები და ერთი კვირის წინ გვქონდა გულის გაჩერების ეპიზოდიც. მაშინ ექიმებმა შეძლეს და გადაარჩინეს პაციენტის სიცოცხლე. თუმცა მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღეს, სამწუხაროდ, დაფიქსირდა გარდაცვალება“ - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ებრძოდა კორონავირუსს. ჰქონდა თუ არა რაიმე თანმხლები დაავადება და რამ გამოიწვია მისი მდგომარეობის დამძიმება, ამაზე ექიმები ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ.