მოზარდობის ასაკი ბევრი პრობლემით ხასიათდება და მათ შორის დიდი წილი ფსიქოლოგიურ საკითხებს უკავია. თუ გსურთ, რომ თქვენს შვილებში შეამციროთ სტრესი, ხელი შეუწყოთ თვითშეფასების ნორმალიზებას, პიროვნულ-სოციალურ გაძლიერებას, საკუთარი თავის შეცნობას, აამაღლოთ თვითრწმენის ხარისხი, მაშინ სასურველია, მიმართოთ მუსიკათერაპიას. მუსიკათერაპიის ცენტრის „ბეკარის“ თანადამფუძნებელი და მუსკათერაპევტი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი აღნიშნავს, რომ მუსიკათერაპიული ჩართულობა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ბავშვის ჰარმონიული განვითარებისა და შესაბამისად, წარმატებული მომავლისთვის. მუსიკათერაპიის პოზიტიურ ეფექტსა და ცენტრზე დეტალურად თავად მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი გვესაუბრება.
- რა პრობლემების მოგვარებაში ეხმარება მუსიკათერაპია პატარებს?
- მუსიკათერაპია აქტიურად გამოიყენება ადრეულ განვითარებაში და სასკოლო მზაობის მისაღწევად.
ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ბავშვებს ადრეულ ასაკში და ხელი შევუწყოთ გაიუმჯობესონ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, „არამუსიკალური“ უნარები, მაგ., მოტორიკა - როგორც მსხვილი ასევე ნატიფი, სამეტყველო უნარები, შემეცნებითი ფუნქციები. გაიუმჯობესონ ერთობლივი თამაშის უნარები, უკეთ შეძლონ საკუთარი ქცევისა და ემოციის რეგულაცია და ა.შ. სკოლამდელ ასაკში მყოფ ბავშვებთან მუსიკათერაპია მუშაობს როგორც წინააკადემიურ უნარებზე, ასევე ქცევითა და ემოციურ მზაობაზე, სოციალური კომპეტენციის გაზრდაზე და სხვა. ძალიან კარგი შედეგები აქვს ნატიფ მოტორიკაზე, ვიზუალურ-მოტორულ უნარებზე, ფონოლოგიური აზროვნების განვითარებაზე მუშაობას.
- როგორ მოქმედებს მუსიკათერაპია მოზარდებზე? რატომ აქვს მას პოზიტიური გავლენა მათზე?
- გარდამავალი პერიოდი ბავშვობის ასაკსა და ზრდასრულობას შორის ხასიათდება მნიშვნელოვანი ცვლილებებით, გამოწვევებით, მიგნებებით, აღმოჩენებით, ახალი ინტერესებით - რაც გამოვლინებას ჰპოვებს ქცევით და ემოციურ სირთულეებში.
მოზარდების შემთხვევაში ძალიან კარგი შედეგები აქვს აფექტის რეგულაციის, იმპულსური ქცევების რედუქციის კუთხით, ასევე კარგად მუშაობს დევიაციური და ანორმული ქცევების დროს, ბულინგის პრობლემის დროს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის შემთხვევაში მუსიკათერაპია მუშაობს როგორც ბულინგის სუბიექტთან, ასევე ობიექტთან და თერაპიულ პროცესში მუსიკათერაპევტი ასრულებს ერთგვარი მედიატორის როლს. ასევე, მუსიკათერაპიას შეუძლია იმუშაოს ბულინგის პრევენციის კუთხით.
რატომ აქვს მუსიკათერაპიას მსგავსი ეფექტი? ეს არის თერაპია, რომელიც ამცირებს სტრესს, დაძაბულობას, ამ ასაკისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელ შფოთვებს, ხელს უწყობს რა თვითშეფასების ნორმალიზებას, პიროვნულ-სოციალურ გაძლიერებას, საკუთარი თავის შეცნობას, ამაღლებს თვითრწმენის ხარისხსს, ხელს უწყობს სწორი დაძლევის მექანიზმების ჩამოყალიბებას, რაც დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ამ ეტაპზე.
ასევე, რაც უნდა გასაკვირი იყოს მუსიკათერაპიას შეუძლია დისკუსიაში თანამონაწლეობის უნარ-ჩვევების დახვეწაშიც კი დაეხმაროს ბავშვებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული და აქტიური ფუნქციონირებისთვის არამარტო მოზარდობის პერიოდში, არამედ, ზოგადად მთელი მომავალი ცხოვრება. თუმცა, განსაკუთრებით თინეიჯერობის პერიოდში, როდესაც მოზარდი იწყებს დამკვიდრებას სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსა თუ გარემოში.
- კონკრეტულად რა თვისებების ჩამოყალიბებაში ეხმარება მუსიკათერაპია ბავშვებსა და თინეიჯერებს?
- მუსიკათერაპიას შესწევს ძალა, დაეხმაროს ბავშვებსა და თინეიჯერებს ერთ-ერთი ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისების ჩამოყალიბებაში როგორიცაა ემპათია - წარმატებულად მუშაობს რა ემოციური ინტელექტის განვითარებაზე. როგორც თანმიმდევრულად თვითგამოხატვის უნარს, ასევე სხვების მოსმენის კულტურას უყალიბებს მოზარდებს. ავითარებს, წარმოსახვას, შემოქმედებით და კრეატიულ აზროვნებას. აუმჯობესებს თვითრწმენას, თავდაჯერებულობას, მოტივაციურ სფეროს, თვითკონტროლის უნარს. ისინი უკეთ ახერხებენ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი საკუთარი თავის ძიებისას საკუთარი თავის შეცნობას, რეალური რესურსების აღმოჩენას. ეძლევათ საშუალება მიიღონ გამოცდილება და შეიგრძნონ თავი როგორც ლიდერის, ისე მსმენელის და მაყურებლის როლში, დააფასონ სხვისი აქტივობა და თავისუფალი აზრის გამოხატვა.
მოგეხსენებათ, მუსიკათერაპია შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური, როგორც წესი მოზარდების ჯგუფური თერაპიის დროს, ხდება მუსიკათერაპიული ბენდის შექმნა - ეს უკანასკნელი ძალიან კარგად მუშაობს გუნდურობაზე, მაგალითად, ბულინგის პრობლემის მქონე ჯგუფების შემთხვევაში. მოზარდებს უზრდის მიმღებლობას განსხვავებულის მიმართ, ყველა ერთიანდება ერთი მიზნის ქვეშ, ერთიანდება სასურველი ხარისხიანი შედეგის მისაღებად, სადაც თითოეული წევრი ხვდება სხვა წევრის მნიშვნელოვნებას, ცდილობენ, ერთმანეთი მიიღონ ისეთები, როგორიც არიან და ცდილობენ, ერთმანეთის შესაძლებლობები საერთო მიზნისკენ მიმართონ და წაახალისონ. ვლინდება მათი ნამდვილი ხასიათი, ბუნებრივი ტენდენციები, შესაბამისად, უამრავი აღმოჩენა შეიძლება გააკეთონ ამ პროცესში.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მუსიკათერაპია ამას ახერხებს ისე, რომ მოზარდის ბუნებრივ ტენდენციებსა და ინტერესებს კი არ ებრძვის და ახშობს, პირიქით უწყობს ხელს, პოზიტიურ და უპირობოდ მიმღებ, მშვიდობიან და ჰარმონიულ გარემოში, გამოხატონ საკუთარი თავი და შეძლონ შეცვალონ უკეთესობისკენ.
- რა სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი ბავშვებისა და მოზარდების ყოველდღიურობაში პანდემიის მიმდინარეობის დროს და როგორ შეიძლება მუსიკათერაპია დაეხმაროს მათ?
- ბავშვობის და მოზარდობის პერიოდი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ისედაც სხვადასხვა სფეროს თავისებურებებით, მნიშვნელოვანი ცვლილებებით და ამასთან დაკავშირებული სირთულეებითა და სპეციფიკურობით ხასიათდება, პანდემიის დროს კი კიდევ უფრო რთულდება მოცემულობა. ერთის მხრივ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ზრდასრულები ვართ რთულ, სტრესულ, არაპროგნოზირებად და ჩვენს მიერ სრულიად არაკონტროლირებად თუ არა მცირედით კონტროლირებად სიტუაციაში, რაც როგორც არ უნდა ვეცადოთ აუცილებლად აისახება ჩვენს ქმედებებზე. ამას ემატება ყოველდღიური რუტინის ცვლილება - რაც განსაკუთრებით რთულია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ახალ სიტუაციასთან ადაპტაციის სირთულეები აქვთ. ბავშვების შემთხვევაში, მათ შესაძლოა ვერ გაიაზრონ რა ხდება და დარჩეს გაუცნობიერებელ, სახელდაურქმეველ უსიამოვნო და დისკომფორტულ განცდად. მოზარდების შემთხვევაში განსაკუთრებით მტკივნეულად შეიძლება აღიქმებოდეს სოციალური ურთიერთობების დეფიციტი. შესაბამისად, არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ამ პერიოდებისთვის დამახასიათებელი ისედაც გართულებული ემოციის რეგულაცია და ქცევითი თავისებურებები, კიდევ უფრო რთულ სახეს იღებს. მაგ: იზრდება სევდიანი, დეპრესიული გუნებ-განწყობის სიხშირე და ინტენსივობა, იზრდება ოპოზიციური ქცევების გამოვლენის ალბათობა, შემდგომ კი უინიციატივობა, უმოტივაციობა, ჩაკეტილობა და ა.შ. თუ დადებითი დინამიკა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ შეიმჩნევა, ძალიან მნიშნელოვანია ზრდასრულებმა სწორი რეაგირება მოახდინონ. ასეთი მდგომარეობების დროს მუსიკათერაპია გვთავაზობს ძალიან ეფექტური ჩარევის გზას. ჯერ ერთი - გვთავაზობს შედარებით უსაფრთხო გარემოს, რომელშიც ბავშვები და მოზარდები შეძლებენ დაიკმაყოფილონ სოციალური ურთიერთობების მოთხოვნილებების ბუნებრივი ტენდენციები. მეორე მხრივ კი, სთავაზობს პლათფორმას სადაც ასე ვთქვათ ლეგიტიმურია ყოველგვარი ემოციური მდგომარეობა. და მესამე, სთავაზობს ნებისმიერი ემოციური მდგომარეობის ექსპრესიისთვის მისაღებ ფორმას. ყოველივე ამით კი, მუსიკათერაპია ქმნის საფუძველს წარმატებული ემოციური თვითრეგულაციისთვის. მუსიკათერაპია სთავაზობს მათ მისაღებ ფორმას და საშუალებას გამოხატონ საკუთარი ემოციები, მიაღწიონ ემოციურ სტაბილიზებას და აითვისონ როგორ შეძლონ ეს სხვა სიტუაციაშიც.
- ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ფონზე ფუნქციონირებს თუ არა თქვენი ცენტრი?
- დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ცენტრში ზედმიწევნით არის დაცული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული გაიდლაინები და რეკომენდაციები. ამას ჩვენთან მოსული პირი შემოსვლისთანავე იგრძნობს. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესია, ჩვენს ცენტრში მოსულმა ადამიანებმა მშვიდად, დაცულად, კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.