სამი წელია, რაც გავთხოვდი და გადავედი საცხოვრებლად ქმრის ოჯახში.
დედამთილი, მამამთილი მაზლი, მისი ცოლი და ორი შვილი ერთ სახლში ვცხოვრობთ.
ჩვენ ჯერ შვილი არ გვყავს. ჩემი მეუღლის მშობლები პენსიონრები არიან. მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ, საკმაოდ ნორმალური ხელფასი გვაქვს, არ ვუჩივით.
ჩემს მაზლსაც კარგი სამსახური აქვს მაღალი ანაზღაურებით, თუმცა სახლში ყველაფერი ჩემი მეუღლის კისერზეა: გადასახადები, პროდუქტები… ყველაფრის მოგვარება გიოს ევალება.
დიდი ხანია ჩემი მაზლი აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული. თავის ხელფასს რომ წააგებს, მეორე ხელფასამდე გზის ფულსაც კი ჩემს მეუღლეს ართმევს.
სახლში იციან, თუმცა ყველა თავს იკატუნებს.
საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩემი მამამთილი აქებს და ადიდებს ჩემს მაზლს თუ როგორი კარგი ყავს, როგორი ნიჭიერი... თავის ქება და კუდის ყავარზე გადება არც თვითონ მას ეშლება.
ყველაფერში პირველი და კარგია, რომ ჰკითხო, ერთადერთი, მაშინ ისაწყლებს თავს, როცა ფული სჭირდება.
ყველაფერი ყელში რომ მომაწვა ბურთივით, მივედი და ჩემს დედამთილს ვუთხარი, იქნებ როგორმე დაეხმაროთ, რამე უშველოთ, ისედაც ყველაფერი გიორგის კისერზეა, ისევ ჩვენს ოჯახს აკლდება, იქნებ დაველაპარაკოთ-თქო.
ისე გაბრაზდა, პირდაპირ მომახალა, ნეტავ რაში გაკლდებათ, შვილი თქვენ არ გიჩანთ და მომავალიო, გავშრი და ვეღარ ამოვიღე ხმა. რა თქმა უნდა, ჩემი ქმრისთვის ეს არ მითქვამს, თუმცა ლოდივით მაწევს გულზე. მიუხედავად ამისა, მე პატივს ვცემ მის ასაკს და მესმის, რომ დედაა, მაგრამ მე დახმარება მინდა.
ვხედავ, რომ თავს იღუპავს და ჩვენც განადგურებს, როგორც ოჯახს ნელ-ნელა.
მე და ჩემს მეუღლესაც მოგვივიდა კონფლიქტი ამის გამო რამდენჯერმე.
ვუთხარი, რომ დათვურ სამსახურს უწევს. მესმის, ძმაა, ეცოდება, მაგრამ უფრო ღუპავს ამით, ეს არ არის დახმარება. ფსიქოლოგის კონსულტაცია სჭირდება და არა მზამზარეული, ლანგრით მირთმეული კუპიურები, რულეტკის საბზრიალოდ და ონლაინ კაზინოების დასალაშქრად.
არ ვიცი, იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო. ჩემი ქმარი მიყვარს და არ მინდა ჩემი მაზლის გამო ოჯახი დამენგრეს“.