მთელი მსოფლიო მოიარა თურქეთში, ქალაქ იზმირში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ პატარა გოგონას გადარჩენის კადრებმა. მაშველები მის გადარჩენას სასწაულებრივს უწოდებენ, რადგან 3 წლის ბავშვმა კორპუსის ნანგრევებში 65 საათი გაატარა. ამის მიუხედავად პრაქტიკულად, უვნებელი გადარჩა. მისი ხმა ნანგრევებიდან მეხანძრე მაშველმა მუამარ ჩელიკმა გაიგო, მანვე საკუთარი ხელით გამოიყვანა ბავშვი და მოგვიანებით სი-ენ-ენს უამბო, როგორ ძლიერად ეჭიდებოდა პატარა მის ხელებს, სანამ თავი უსაფრთხოდ არ იგრძნო.
"ხმას მივყევი და საწოლსა და კომოდს შორის წარმოქმნილ ღიობში ვიპოვე. ზურგზე იწვა, არ ტიროდა. ჩემი ხელით ავიყვანე, სახიდან მტვერი მოვაცილე. ჩემს თითებს ჩაებღაუჭა და სასწარაფო დახმარების მანქანამდე აღარ გაუშვია. ელიფი ჩემი სასწაულია, მას ვერასდროს დავივიწყებ" - განუცხადა მაშველმა სი-ენ-ენს.
ამავე გამოცემის ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოკამ განაცხადა, რომ გოგონას დედა და და-ძმები უფრო ადრე იპოვეს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დედამამიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ელიფს სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ელიფის გადარჩენამდე რამდენიმე საათით ადრე მაშველებმა 14 წლის იდილ სირინი იხსნეს. მან 58 საათი გაატარა შენობის ნანგრევებში.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში 30 ოქტომბერს მოხდა. 91 ადამიანი დაიღუპა, ატასამდე ადამიანი კი დაშავდა.