ეს პოსტი და ექიმი დედის ფოტო ინტერნეტსივრცეში ნათია ყურშუბაძემ გაავრცელა. მას სურს, ადამიანებმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, დაიცვან საკუთარი თავები, გარშემო მყოფები და იმ ექიმებსა და ექთნებზეც იფიქრონ, რომლებიც ხშირად სიცოცხლის ფასად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას:
"გაიცანით - ეს დედაჩემია - მარინა პაპუნიძე, ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლის ექიმ-გინეკოლოგი, თავისი 35-წლიანი სტაჟით.
ეს დღეს კოვიდ პაციენტთა განყოფილებაშია 24/7-ზე მორიგეობებით.
მას აქვს დიაბეტი, თუმცა მიუხედავად ამისა, 60 წლის დედა თავისი ჯანმრთელობის ფასად, კიდევ მეტ საფრთხეს უქმნის თავს და მაინც თავდაუზოგავად ზრუნავს და მუშაობს კოვიდ ინფიცირებულებისთვის. თავიდან დავპანიკდი, თუმცა მივხვდი, რომ იმდენად აქვს მას თავისი პროფსიული ვალდებულებები გამჯდარი, აზრი არ ჰქონდა ჩემი მხრიდან გადარწმუნებას, სახლში მჯდარიყო და არა 24-საათიანი მორიგეობებით ემუშავა. როდესაც მორიგეობის პროცესში ვურეკავ, ადამიანური ხმა არ გააჩნია. იღებს უამრავ პრეტენზიას პაციენტებისგან, როგორიც არის, თუ რატომ ყრია საპირფარეშოში თმა? რატომ არის უნიტაზი სველი? და ა.შ... ოღონდ ისევ თავიანთ თმასა თუ დასვრილ უნიტაზზეა საუბარი. არადა დღეში ორჯერ სანიტარი შედის ყველა ოთახში და საშვილიშვილოდ ასუფთავებს თითოეულის პალატას!
დღეის მდგომარეობით სულ 35 პალატაა გამოყოფილი სამშობიაროში და დაინფიცირებულები კიდევ რიგში დგანან, სხვა პაციენტების გაწერის მოლოდინში.
ჩემი მოწოდება და თხოვნაა განსაკუთრებით ორსულების მიმართ, რომ დაიცვათ უსაფრთხოების წესები, მოერიდეთ სტუმრიანობას, ხალმხმრავალ ადგილებს და ა.შ... პირველ რიგში ისევ თქვენი და თქვენი პატარების ჯანმრთელობისთვის. დაინდეთ ექიმებიც, ისინიც ხომ ადამიანები არიან?! ექიმებსაც ხომ ჰყავთ ოჯახის წევრები?! ექიმებსაც ხომ შეიძლება ჰქონდეთ თანმდევი დაავადებები?! ექიმებსაც ხომ შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ცხოვრება?!
უკლებლივ ყველას გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას და დაინდეთ სამედიცინო პერსონალი.
დამიჯერეთ დედას არაფრად უღირს 1200 ლარიანი ხელფასი და ასეთი მძიმე სამუშაო, თავისი ჯანმრთელობის ფასად, რომ არა თვისი პატრიოტიზმი და თვდადებულობა საქმისადმი.
ამ ქვეყანაზე ყველაზე უძვირფასესი დედა მყავს, რომელიც 26 წლის ასაკში დაქვრივდა. მამა 32 წლის ასაკში გარდამეცვალა და 2.5 წლიდან მარტოს გვზრდის მე და ჩემს დას და მას რომ რამე მოუვიდეს, მთელი ცხოვრება თავზე დამემსხვრევა.
თხოვთ დაინდეთ თქვენი თავები და გარშემო მყოფები.
მადლობა ყურადღებისთვის".