კორონავირუსის გავრცელება უკვე კრიტიკულ ეტაპზეა. კლინიკებში ადგილების დეფიციტის გამო უამრავი რთულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ამაოდ ელოდება საავადმყოფოში დაწოლას. ეს პრობლემები რომ რეალურია, ამას უამრავი ადამიანის პოსტიც ადასტურებს. ჯანდაცვის სპეციალიტი მიხეილ დიაკონიძეც ფეისბუქპოსტით ამ სავალალო მდგომარეობას ეხმაურება:
"ვისაც სამედიცინო სასწავლებელში ფეხი შეუდგამს, ლამის ყველა ერთ დღეშია. ბოლო 2-3 კვირაა არც ტელეფონი ჩერდება და არც მესენჯერი და ყველა ერთსა და იმავეს გვთხოვს "მოვუძებნო სადმე კლინიკაში ადგილი" თავისთვის, ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის და ა.შ. საკმაოდ ხშირად ეს სასოწარკვეთილი თხოვნებია, რომელსაც ვერაფრით ეხმარები იმიტომ, რომ ფიზიკურად ადგილი არ არის. როდესაც ადამიანს ეს პირადად გეხება, მაშინ გრძნობ ყველაზე დიდ ბრაზს იმ ადამიანების მიმართ, ვისი პოსტებიც გხვდება შემდეგი შინაარსით "თავისუფლებას გვიზღუდავენ", "კორონა არსებობს, მაგრამ ჩვენთან გაზვიადებულია", "მსოფლიო მაფიაა", "ფულს უხდიან მაგაში" და ა.შ.
და სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად აქ სწორედაც რომ "ნიღბის ფობიამ", "ჯიგრულმა შეკრებებმა და დროსტარებამ", ექიმებისადმი უნდობლობამ და მიგვიყვანა.
თსსუ-ის მაღალკურსელთა თითქმის 70-80% 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კლინიკებში, იმიტომ რომ ექიმებს არა აქვთ უნივერსალური სხეული და ისინიც ავადდებიან და ეწირებიან კორონას. ომის წინა ხაზზე დგომას ხომ არავინ ითხოვს საზოგადოებისგან, უბრალოდ გაიკეთეთ ეს დალოცვილი ნიღაბი, დაიცავით დისტანცია და პირადი ჰიგიენა. ეს მცირედი რატომ გახდა ლამის რევოლუციის წინაპირობა, მართლა არ მესმის" - წერს მიხეილ დიაკონიძე.