კორონავირუსის გავრცელების გამო რუსეთში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. პირველ რიგში ეს რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობას ეხება. საკონცერტო ღონისძიებები კი მომავალ წლამდე გაუქმებულია.
სამაგიეროდ, ტელეარხები ძველებურ რეჟიმში მუშაობენ, კონცერტები ტელეპროგრამებისთვის მზადდება და მომღერლებმაც ეკრანზე გადაინაცვლეს. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე სიტუაციით აღშფოთებულია და კოლეგებს ბოიკოტისკენ მოუწოდებს. მან მიმართვა სოციალური ქსელით გაავრცელა. ის ფიქრობს, რომ კონცერტებზე ინფიცირების რისკები არც ისე მაღალია, სამაგიეროდ ეს სფერო კვდება არსებული რეგულაციების წყალობით.
"ყოველდღიურად 3 მილიონი ადამიანი ჩადის მოსკოვის მეტროში, არც დისტანციას იცავს და არც კარანტინს. ყველას ესმის, რომ მეტრო მეგაპოლისის ყოველდღიური ცხოვრების მამოძრავებელი არტერიაა, ურომლისოდაც ქალაქი ვერ იარსებებს. საახალწლო კონცერტები კი მხოლოდ გართობაა, აუცილებელ მოთხოვნილებებში არ შედის. ამიტომაც გადაწყვიტეს, გააუქმონ. არტისტები, მუსიკოსები, პრომოუტერები 8 თვეა, უმუშევრები არიან, ყოველგვარი საარსებო სახსრების გარეშე. ეს არავის აღელვებს" - წერს ვალერი მელაძე და დარწმუნებულია, თუ სხვა არტისტები საახალწლო სატელევიზიო ეთერს პროტესტს გამოუცხადებენ და ტელევიზორში საყურებელი არაფერი იქნება, შეიძლება ვითარება შეიცვალოს.
"წარმოიდგინეთ, ახალი წლის ღამეს ჩართეტ ტელევიზორი და არც საახალწლო კონცერტი დაგხვდათ, არც რაიმე გასართობი პროგრამა. თუ ჩვენი მუშაობა აკრძალულია, ესე იგი საახალწლო გადაღებებიც აკრძალულია. იქნებ მერე მაინც შეამჩნიოს ვინმემ, რომ მთლიან სფეროში, რომელიც ათეულობით ათასობით ადამიანს ასაქმებდა, ეს ადამიანები მრავალი თვეა, უმუშევრები არიან" - წერს მელაძე.