ჩვენ ბევრს ვკითხულობთ ომზე, მაგრამ ნაკლები ვიცით იმაზე, თუ რა კვალი დაატყო ნგრევამ, სიკვდილმა, წამებამ და შიმშილმა ადამიანების ფსიქიკას.
ომში გამარჯვებული ამავდროულად დამარცხებულიცაა, რადგან მან სასურველ სტატუსს მსხვერპლად უამრავი სიცოცხლე შესწირა, ხოლო ვინც ცოცხალი გადარჩა, ისიც ტანჯვისთვისაა განწირული - მათ საყვარელი ადამიანები დაკარგეს.
მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე ბევრი დოკუმენტური ფილმი გვინახავს, რომლებშიც საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილები იმ სასაკლაოს იხსენებდნენ, რაც ჰიტლერმა და „ესესმა“ მოაწყო, გვინახავს განადგურებული, დამშეული ფაშისტური გერმანიის თუ საბჭოთა მოქალაქე, რომელიც ბელადთა ამბიციებმა გასრისა. ვიცით ნამდვილი ჯოჯოხეთის - აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის, გაზის კამერების, საერთო სასაფლაოებისა და დახვრეტის ადგილების შესახებ. ეს ყველაფერი დღეს ისტორიაა, რომელიც უკან მოვიტოვეთ და თითქოს ჩვენ აღარ გვეხება...
წარსული საშუალებაა იმისა, ისწავლო, მომავალში როგორ მოიქცე, რა აღარ უნდა დაუშვა, ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ომის შედეგები.
მეორე მსოფლიო ომმა მხატვრულ ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში დიდი ინტერესი დაიმსახურა. დღემდე, მე-20 საუკუნის ისტორიის ეს შავბნელი პერიოდი არაერთი მწერლისა და რეჟისორის შთაგონებაა.
გამომცემლობა „პალიტრა L”-ში გვიამბობენ, რომ ომის პერიოდთან დაკავშირებით ინტერესი მაღალია მკითხველის მხრიდანაც. ომის თემატიკის ლიტერატურა, რომელსაც ისინი გამოსცემენ, მუდმივად ბესტსელერთა სიაში ხვდება. ცოტა ხნის წინ „პალიტრა L”-მა ახალი სერია „ომებსა და ადამიანებზე“ დაიწყო, რომელიც აერთიანებს ომის თემატიკაზე დაწერილ მნიშვნელოვან, ღირებულ და საინტერესო მხატვრულ ლიტერატურას. სერიის პირველი ორი წიგნი „წიგნის ქურდი“ და „შინდლერის სია“ გახლავთ. სერიის მესამე წიგნი კი ომის შედეგებზეა, რომელიც არანაკლებ სასტიკი და მტკივნეულია.
ზიზღით, შურისძიების წყურვილითა და მტრობით დაწყებული ურთიერთობები იცვლება, ორივე მხარე თავის დანაკარგს გლოვობს, ორივე თავიდან დაწყებას ცდილობს...
წიგნის მთარგმნელი ლევან ინასარიძე აღნიშნავს, რომ ავტორს ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე, მხატვრული ოსტატობით აქვს ასახული ომის უმძიმესი შედეგები და მის მიერ ადამიანებზე დასმული დაღი.
„ავტორის გზავნილი საკმაოდ მკაფიოა: არა ომს! ხოლო თუ რატომ არა, ეს ნაჩვენებია კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ბედით, რომელიც ამ ომმა განსაზღვრა“, - აღნიშნავს ის.
წიგნი სულ მალე - 26 ნოემბრიდან გამოვა და ჟურნალ „გზასთან“ ერთად სპეციალურ ფასად - 8.00 ლარად გაიყიდება (ჟურნალთან ერთად 10.00 ლარი).