ცხელ გულზე გწერთ ახლა ამ წერილს.
ხშირად ვკითხულობ თქვენს გვერდზე ანონიმურ წერილებს, თუ როგორ ჩივიან თანაცხოვრების პრობლემებზე: დედამთილები - რძლებზე, რძლები - დედამთილებზე, მაზლებზე, მულებზე და ასე შემდეგ.
"იქნებ გახვიდეთ, ცალკე იცხოვროთ", "რატომ აშლევინებთ" ნერვებს,- ურჩევენ კომენტარებში.
მაგრამ მერწმუნეთ, როცა შუბლისძარღვგაწყვეტილ ადამიანებთან გაქვთ ურთიერთობა, სადაც არ უნდა წახვიდეთ, მაინც მოგწვდებიან ნერვების დასაწიწკნად.
ასეა ჩემს სიტუაციაშიც.
გათხოვების პირველივე წელს მივხვდი, რომ ცალკე უნდა გადავსულიყავი სასწრაფოდ, სანამ ჩემი მოთმინების ფიალა ბოლომდე აივსებოდა. არც მე მაქვს მაინცდამაინც დამთმობი ხასიათი და არც ჩემი ქმრის ოჯახის წევრები გამოირჩევიან დიდად სინდისიერი მიდგომებით.
მოკლედ, გადავედით საცხოვრებლად იმავე უბანში, რადგან სამსახური ახლოს მქონდა და არ მინდოდა უბნის გამოცვლა.
ვიფიქრე, რომ იწყებოდა ნორმალური ცხოვრება სხვების კირკიტის გარეშე და აი, აქ შევცდი!
დეკრეტში გავედი და აქედან დაიწყო ყველაფერი.
რადგან სახლში ვიყავი, თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ ქმრის ნათესავები, მული, მისი ქმარი, ჩემი დედამთილი, (ერთად ცხოვრობენ) და მოჰყავდათ ჩემი მულიშვილი, რომელიც ისეთი დამღლელი ბავშვია, ენერგოვამპირს ვეძახი.
ამტვრევს, აფუჭებს, თუ რამე ხელში მოჰყვა. ახლადგაკრულ შპალერზე ყვავილები მომიხატა, თან არ აღიარებს, რომ მან გააკეთა.
მოკლედ, ყოველდღე მიწევდა არასასიამოვნო სტუმრების ატანა.
რამდენჯერმე ვაგრძნობინე, რომ მეც მჭირდებოდა დასვენება და თითქოს მოუკლეს ჩვენთან სიარულს და ცოტა ამოვისუნთქე.
გავაჩინე ტყუპი. დავიწყე სახლიდან მუშაობა.
დამხმარე ავიყვანე და ალბათ ჩემი ქმრის ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ უსაქმური ვარ. ამის შემდეგ თითქმის ყოველდღე მოჰყავთ ჩემი მულიშვილი და ახლა უკვე ისე ტოვებენ ჩემთან, რომ უკვე აღარც მითანხმებენ.
რადგან ძიძა ავიყვანე, ქალბატონმა მულმა გადაწყვიტა ამით ისარგებლოს.