ნანა წიქვაძე საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, ლეკას როლით. როგორც თავად ამბობს, მსახიობობა უნდოდა, თუმცა დედა - ცნობილი მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე არ უწონებდა ამ არჩევანს. ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამის შესახებ საუბრობს:
"ბავშვობაში, გარკვეულ ეტაპზე მსახიობობა მომინდა, მაგრამ იმიტომ არა, რომ ეს ჩემი მოწოდება იყო და ამისთვის შინაგანად მზად ვიყავი. ასე მგონია, რომ ბავშვურად, მარტივად გადავწყვიტე, - მოდი, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარებ-მეთქი. შემდეგ, უცბად დედაჩემი (ნანა ლორთქიფანიძე) ძალიან შემეწინააღმდეგა - არა, ამ ქვეყანაში მსახიობობა საშინელებაა, ბევრი გულისტკენა სდევს თანო... დიდად არ შევწინააღმდეგებივარ, თუმცა ბაბუასთან მივედი (გიგა ლორთქიფანიძესთან) და ვუთხარი, - მსახიობობა მინდა, მაგრამ ნანას არ სურს-მეთქი. მიპასუხა, - ვის რა უნდა, ყურადღებას ნუ მიაქცევ. შენ რომელი პროფესიაც გინდა, ის აირჩიეო, მაგრამ დიდად ისიც არ "გაქაჩულა" - ალბათ, ხვდებოდნენ, რომ დიდი მსახიობი არ დავდგებოდი (იცინის). მერე გავიგე, რომ "ჩემი" ფაკულტეტი ჩამოყალიბდა - სამსახიობოზე ჩაბარებას "გადავრჩი", რადგან მინდოდა, კოკა ყანდიაშვილთან მესწავლა. ამ ფაკულტეტით ძალიან მოვიხიბლე. პროდიუსერი არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი სფერო უფრო ტელევიზიაა, ვიდრე მსახიობობა. ყოველ შემთხვევაში, სწავლის პირველ ეტაპზე ტელევიზიასთან ხშირი შეხება მქონდა, რადგან კოკას მაშინ თავისი ტელეგადაცემები ჰქონდა. ფაქტობრივად, ჩავაბარეთ თუ არა, ზაფხულშივე, სანამ სწავლა დაგვეწყებოდა, მთელ ჯგუფს ტელევიზიაში მუშაობა დაგვაწყებინა - იქ ყოველდღე დავდიოდით და მოვალეობებს ვცვლიდით".
ბაბუასთან თბილი ურთიერთობები ჰქონდა და ხშირად იხსენებს ხოლმე. რაც შეეხება მამას, ილია წიქვაძეს - ქეთი 3 წლის იყო, როცა მისი მშობლები განქორწინდნენ. ქეთის მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ის საზღვარგარეთ წავიდა და მალე გარდაიცვალა კიდეც. ქეთი ხშირად ავრცელებს სოციალურ ქსელში მამის ფოტოებს და აღნიშნავს, რომ ძალიან ჰგავს მას.
ქეთი ორი შვილის დედაა. მეუღლეს დაშორდა.
"დღემდე ვცდილობთ (ხან გამოგვდის, ხან - არა) ცივილიზებული, კარგი ურთიერთობა გვქონდეს და ის დანაკლისი, რასაც ჩვენი შვილები განიცდიან, ბავშვებს კიდევ უფრო მძიმედ არ აღვაქმევინოთ. შვილებს ვუხსნით, რომ მეგობრები ვართ და ყოველთვის ვიქნებით. უბრალოდ, ერთად არ ვცხოვრობთ", - ამბობს ქეთი.