საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი მომდევნო კვირასაც გაგრძელდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს. უფრო დეტალურად, როგორი იქნება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი და მოთოვს თუ არა დედაქალაქში სააგენტოდან გვპასუხობენ:
"19-20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთასა და მაღალ მთაში ზოგან თოვლის სახით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში მოსალოდნელია დაახლოებით +1 - +6 გრადუსი სითბო, მთაში +2 - +7 გრადუსი, მაღალ მთიან მთაინ რაიონებში -2 - +3, სამხრეთ მაღალმთიანეთში შესაძლებელია 6 გრადუსამდეც ავიდეს ტემპერატურა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ზოგიერთ რაიონში 19-20 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა და მაღალ მთაში თოვლი. 20 ნოემბრის ღამის საათებიდან ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი და შესაძლბელია დროგამოშვებით მისმა ძალამ 28 მ/წმ-ს მიაღწიოს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში, აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით, ცოტა მაღალი გვაქვს ნავარაუდევი, +10 - +15 გრადუსი, მთაში +7 - +12 და მაღალ მთაში, +1 - +6 გრადუსი. 21-22 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებშია ნალექი მოსალოდნელი, მთიან რაიონებში თოვლის სახით, დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 21-22 ნოემბერს უმეტეს რაიონში იწვიმებს და მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში დაახლოებით +11 - +13 გრადუსია მოსალოდნელი, მთაში +3 - +8 გრადუსი, მაღალ მთაში -1 - +4 გრადუსი. 25-26 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი ნარჩუნდება, ტემპერატურაც შედარებით დაბალია, დაბლობში დაახლოებით +10 - +12 გრადუსი. 24-25-26 ნოემბრის ღამის საათებში შესაძლებელია ტემპერატურამ დაიკლოს, რაც მთიან რაიონებში თოვას გამოიწვევს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ რაიონებში, სამცხე-ჯავახეთში და შიდა ქართლის ტერიტორიაზეა ნალექია მოსალოდნელი.
დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ორშაბათიდან შესაძლებელია ტემპერატურამ +8 - +10 გრადუსამდე აიწიოს. დღეს საღამოს საათებსა და ხვალ დილით არ არის გამორიცხული, რომ თბილისის შემოგარენში თოვლჭყაპი იყოს." - გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ.
"არამდგრადი ამინდი თითქმის თვის ბოლომდე გრძელდება. ხან დასავლეთიდან არის ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება მოსალოდნელი, ხან - აღმოსავლეთიდან. დღეს და ხვალ ძლიერ აღმოსავლეთის ქარს ველოდებით. 21-22-23 ნოემბერს კი დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. ჯერჯერობით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში, ბარში, და მით უმეტეს თბილისში, თოვლს არ ველოდებით." -გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.
თამარ იაკობაშვილი