სულ ცოტა ხნის წინ ვებგვერდმა mshoblebi.ge-მ და დედების ჯგუფმა (თანამედროვე დედების კლუბი) წამოიწყო ერთობლივი პროექტი - #ერთად! იმისათვის, რომ დედებისა და ბავშვებისთვის პანდემიის პერიოდი შეძლებისდაგვარად საინეტრესო, სახალისო, ინფორმატიული და აქტიური გავხადოთ. 59 000 წევრიან დედების ჯგუფში ყოველდღიურად ტარდება საინტერესო მასტერკლასები, შემეცნებითი გაკვეთილები, ცეკვის გაკვეთილები, ერთვებიან ექიმები და სხვადასხვა სფეროს სპეცილისტები.
ერთად, ხალისიანად, საინტერესოდ გადავიაროთ ეს რთული პერიოდი და ერთად შევიტყოთ ბევრი ახალი რამ, ვისწავლოთ, განვვითარდეთ - დედები და შვილები.
ცეკვის გაკვეთილებს შოუ-ბალეტ "ვერნისაჟის" მოცეკვავე, ქორეოგრაფი, სხვადასხვა შოუს მონაწილე და პატარა ნიას დედა თამუნა აბესაძე ატარებს. სწორედ მის ვიდეოს მოჰყვა დიდი გამოხმაურება და ბევრი დედაც აჰყვა.
საინტერესო ისიც არის, რომ თამუნამ და მისმა პატარა შვილმა სულ ახლახან დაამარცხეს კორონავირუსი და თამუნა ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, მოძრაობა რამდენად მნიშვნელოვანია კორონავირუსთან საბრძოლველად - ერთი დღეც არ შეუჩერებია ცეკვა.
გაკვეთილისთვის მან შეარჩია ცნობილი სიმღერა jerusalema, რომელიც სწორედ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გახდა პოპულარული, ჩელენჯიც კი გახდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ამ სიმღერას უწყობენ ფეხს და ცეკვავენ. ის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა იმის, რომ პოზიტივით უნდა ვებრძოლოთ ამ რთულ ვირუსს.