კულინარიით გატაცებულმა მსახიობმა უარი თქვა საბავშვო საკვებ დანამატებზე და პატარა რედიქსს პირველივე დღიდან ისე აჭმევს, როგორც უფროსები იკვებებიან. ბავშვს აძლევს იმ საკვებს, რასაც თავისთვის და საკუთარი ქმრისთვის აკეთებს. მენიუ კი მდიდარია!
47 წლის ტელევარსკვლავი დაახლოებით 1 წელია, დედა გახდა და როგორც ჩანს, ახალი სტატუსით სიამოვნებას იღებს. მუსიკოს ბენჯი მედენთან ჰყავს საერთო შვილი და რედიქსს ისე ზრდის, როგორც თავად თვლის სწორად.
კამერონი იშვიათად საუბრობს საკუთარ პირად ცხოვრებაზე და არც ბავშვი უჩვენებია არასდროს საჯაროდ ვინმესთვის, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ბავშვთა კვებაზე ისაუბრა.
აღმოჩნდა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი უარს ამბობს დამატებით კვებაზე, მის ქალიშვილს არასდროს გაუსინჯავს საბავშვო პიურე, მაგრამ მშობლებისთვის გაწყობილი სუფრიდან ჭამს ყველაფერს, რაც მოსწონს.
გოგონას მენიუში შედის სუბპროდუქტები და ძვლის ტვინი, ასევე კულინარიით გატაცებული დედა გულუხვად აზავებს საჭმელებში მწვანილებს. 11 თვის რედიქსს ყველაზე მეტად სალბი, ქონდარი და კამა უყვარს.
დიასის თქმით, ნიორს მისი შვილი დიდი სიამოვნებით ჭამს და ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან კამერონსაც ძალიან უყვარს და თავად მოჰყავს ეს პროდუქტი. მსახიობმა საკუთარი მოსავალი ინსტაგრამზე აჩვენა თაყვანისმცემლებს და ბევრი ადამიანის გაოცება გამოიწვია.
სოციალურ ქსელში მისმა გამომწერებმა იციან, რა შედის მსახიობის კვების მენიუში, რადგან ის რეგულარულად უზიარებს მათ რეცეპტებსა და ჯანსაღი საკვების მოსამზადებლად საჭირო რჩევებს. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ მრავალფეროვანი გემო და ტექსტურა კვების დროს უკეთესად ასტიმულირებს ბავშვის ტვინს, ვიდრე ადრეული განვითარების სხვა მეთოდები.
იყო დრო, კამერონს საერთოდ არ უნდოდა დედობა და ჩაილდფრი მსახიობების რიცხვში იყო. თუმცა მოულოდნელად დედაც გახდა და საკუთარი მყარი შეხედულებებითაც წარდგა სხვა დედების წინაშე.