გასულ კვირას საქართველოს ნომერ პირველ ინფექციონისტს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალურ დირექტორს, მსოფლიოში კორონავირუსის დაფიქსირების პირველივე წუთიდან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კოვიდინფიცირებულია ასევე მისი მეუღლე, ქალბატონი ანი თოფურიაც, რომელიც მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს. როგორია ამ ეტაპზე თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი გუნება-განწყობა, აღნიშნული საკითხის შესახებ სასაუბროდ დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-რევმატოლოგ, მედიცნის დოქტორ ანი თოფურიას დავუკავშირდით.
- მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებისათვის. უამრავი ადამიანი მირეკავს დღის განმავლობაში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მათგანს საჯაროდ გადავუხადო მადლობა! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!
ამ ეტაპზე, თენგიზი ჰოსპიტალიზებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. აღენიშნებოდა ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია.
იმუნური სისტემის გამოკვლევით დადგინდა იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ჩემი მეუღლე წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფს - ასაკისა და მისი თანმხლები დაავადების გამო, გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია. დღესათვის თავს უკეთ გრძნობს და რაც მთავარია ოპტიმისტურად არის განწყობილი.
- როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რატომ გადაწყვიტეთ ბინაზე მკურნალობა?
- ჩემს შემთხვევაში კოვიდინფექცია უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობს. თავს კარგად ვგრძნობ. არ ვსაჭიროებ ჰოსპიტალიზაციას, თუმცა მაქვს შფოთვა და საშიშროების მომატებული შეგრძნება, რაც აღნიშნულ დაავადებას ხშირად ახასიათებს. რატომღაც მგონია, რომ დღეისათვის კოვიდკლინიკებში თუ კოვიდსასტუმროებში გადაყვანილი ინფიცირებულების გარკვეულ ნაწილს მდგომარეობა სწორედ ფსიქოლოგიური სტრესისა და შფოთვის გამო უმძიმდება. აქვე მინდა მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოვუწოდო მოსახლეობას. ვიყოთ ყურადღებით, გავუფრთხლდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და არ ავყვეთ პანიკას. სხვათა შორის, ჯანდაცვის პირველადი რგოლის გამართულ მუშაობასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია მედიის როლი. ამ ეტაპზე უდიდესი დატვირთვა აქვს საზოგადოების სწორ ინფორმირებას, რა შემთხვევაში, როგორ უნდა იმოქმედონ და რა სიმპტომებია საყურადღებო.
- ქალბატონო ანი, რა სიმპტომებით დაგეწყოთ კოვიდინფექცია თქვენ და ბატონ თენგიზს? როგორ გახდა ავად ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი?
- თავიდან თენგიზს ეგონა, რომ გაციებული იყო. სანამ კორონავირუსი დაუდატურდებოდა, ორი დღით ადრე ბოტანიკურ ბაღში ვიყავით. ქართულ-იტალიური საზოგადოების მიერ ორანიზებულ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა. ტონინო გუერას სახელობის "დავიწყებული ხილის ბაღის" მოწყობის მიზნით ნერგები დავრგეთ. ძალიან შეგვცივდა, რადგან იქიდან ღია ელექტრომობილით წამოვედით. თენგიზმა მითხრა, დღეს ნამდვილად ვერ გადავურჩები გაციებასო. მეორე დილით ხმა დაკარგული ჰქონდა. ვურჩიე, რომ აუცილებლად გაეკეთებინა კოვიდზე ტესტი, თუმცა თავად ღრმად იყო დარწმუნებული, რომ გაცივდა. სამწუხაროდ, ტესტმა დადებითი აჩვენა. მე თავიდან არანაირი სიმპტომი მქონია. მეორე დღეს ტესტი გავიკეთე და როგორც მოსალოდნელი იყო, მეც კოვიდდადებითი აღმოვჩნდი. უკვე მესამე დღეს ვიგრძენი ყელის წვა და ჩახეხვის მსგავსი მცირედ გამოხატული ტკივილი. ორი დღე მქონდა საღამოობით 37,2 გრადუსი ტემპერატურა. ამასთან, მქონდა მინიმალურად გამოხატული მხრის კუნთების ტკივილი და მშრალი ხველა. სამაგიეროდ, მკვეთრად გამოხატული მქონდა, როგორც უკვე გითხარით, შიშის გრძნობა, ნერვული დაძაბულობა, შფოთი და საშიშროების მოლოდინის განცდა. დღემდე ძალიან ვნერვიულობ თენგიზზე, რომელსაც აქვს იმუნოდეფიციტი, თავისი დაავადებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იყო გადაღლილი სტრესული სამუშაო რეჟიმის გამო. დაძაბული ვარ, რადგან ჯერ კიდევ არსებობს გართულებების რისკი.
- რამდენი წლის ბრძანდება ბატონი თენგიზი, რამდენად წარმოადგენს მისთვის ასაკი რისკჯგუფს?
- 72 წლის გახლავთ. ასაკი, რასაკვირველია, რისკჯგუფია, თუმცა თენგიზი ძალიან მხნე და ენერგიული ადამიანია. სხვათა შორის, მის ასაკზე ბევრს საუბრობდნენ უარყოფით კონტექსტშიც, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თენგიზს ამ ასაკში გააჩნია უზღვავი ენერგია, მხნეობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაგროვილი აქვს უდიდესი ცოდნა და გამოცდილილება, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია მისი პაციენტებისათვის. თენგიზ ცერცვაძისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია! ახლაც, თავად კოვიდინფირებული და ავადმყოფი, აქტიურადაა ჩართული კლინიკის საქმეებში და მძიმე პაციენტების მართვაში. გაოცებული ვარ, როდესაც არაკეთილისმოსურნეები მის ასაკზე აკეთებენ აქცენტს. სხვათა შორის, 20 ნოემბერს ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაბადების დღე ჰქონდა. მას 78 წელი შეუსრულდა!
- ქალბატონო ანი, როგორია ბატონი თენგიზ ცერცვაძის განწყობა?
- რასაკვარველია, იმედიანი! ის აუცილებლად დაამარცხებს კორონავირუსს და კიდევ დიდხანს იდგება პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. თენგიზი არის საკუთარ პროფესიაზე და პაციენტებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქირდა, მან დაიწყო აქტიურად მედ-პერსონალის გადამზადება და დატრენინგება, რათა მომზადებული შეხვედროდა ჩვენი ქვეყანა ახალ გამოწვევას, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობის რეალობა შეცვალა. ვფიქრობ, კორონავირუსის დამარცხებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნება-განწყობას. თენგიზ ცერცვაძეს კი როგორც ყოველთვის, საბრძოლო განწყობა აქვს!
ბოლოთქმა: საზოგადოებაში ცნობილია, რომ თენგიზ ცერცვაძეს განსაკუთრებით თბილი, მზრუნველი და უანგარო დამოკიდებულება აქვს ავადმყოფების მიმართ. მას არასოდეს აუღია კონსულტაციაში გასამრჯელო პაციენტებისაგან. მის სახელს უკავშირდება უამრავი წარმატება და ჯილდო, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა. იგი გახლავთ საქართველში შიდსთან ბრძოლის მძლავრი სამსახურის დამაარსებელი და C ჰეპატიტის ელიმენაციის უპრეცედენტო პროგრამის სულისჩამდგმელი...
ესაუბრა მეგი საჯაია (ასავალ-დასავალი)