ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში თავისი შვილიშვილის შესახებ წერს და სახალისოდ ჰყვება მისი უმადობის და ბებიის როლის შესახებ:
"თინუსას მადა არ ჰქონდა გუშინ და უმადო ბავშვებს როგორც სჩვევიათ, მთელი დღე კარტოფილს ჭამდა მხოლოდ. დავიღუპეთ-მეთქი, გავიფიქრე, როგორც ბებიებს სჩვევიათ და კი ვარ უნაყოფოდ, მაგრამ იქნებ გამოვისხა ნაყოფი რამე, თვითონ ჩავრთო საქმეში, მოვამზადებინო თამაშ-თამაშით სხვა საკვები-მეთქი...
მაგრამ ვიგრძენი, ძალა არა მაქვს, არ შემიძლია და, შე უვარგისო, ბებიაშენი ასე მოიქცეოდა-მეთქი? შევეკითხე ჩემ თავს. მერე გამახსენდა, ჩემი თავი ნაგავში რომ არ მიპოვნია და შემეცოდა და ვუთხარი, კარგი, არა უშავს, იკოტრიალე, რაც არ უნდა გააკეთო, ხომ იცი, მაინც დედა და მამა უფრო ეყვარება-მეთქი და შენ რომ მოკვდები, კლასელები რომ მოვლენ პანაშვიდზე, ღრეჭას დაიწყებენ, ბებია რა ჩემიფეხებია-მეთქი.
მერე გამახსენდა, ჩემს ბებიას კინაღამ საფლავში რომ ჩავყევი და ჩაწოლით რომ ვერ ჩავეტიე, ჩემი ყველაზე ლამაზი ფოტო ჩავაყოლე, მერე ჩემს შვილებს როგორ უყვარდათ თავისი ბებიები, ესეც გამახსენდა და ის ის იყო, წამოდგომა დავაპირე, სხვა მხრიდანაც შევხედე ამბავს - მოიცა, რა გინდა? აატირო გინდა ბავშვი, ბებიას სიკვდილი მოუნელებელ ტრავმად ექცეს, დაუშვებ შენ ამოდენა ცრემლისღვრას, ეს გაგახარებს-მეთქი?
ჰოდა, კრუასანი ვუყიდეთ ვახშმად".