"კულინარიაში ვმუშაობ, არ ვჩერდები, ვსწავლობ, ვკითხულობ, თვითგანვითარებას ვცდილობ, გასტრონომიაში საინტერესო ვიდეოებს ვუყურებ, ახალ-ახალ კერძებს ვეძებ, ცნობილი შეფმზარეულების გამოცდილებას ვეცნობი", - გვეუბნება მირიან სულაკაური, რომელიც პოპულარული შოუს "მასტერშეფის“ ფინალისტია. მისთვის ფინალის საგზურად იქცა აღმოსავლეთ მთიანეთის ტური, როდესაც მან დამბალ ხაჭოს შილაფლავი მოამზადა, თუშურ ერბოყვას (ქუმელი) თაღთან ერთად, თეფშად კი გამოიყენა ძველებური, დაჭყლეტილი ქვაბი, რომელიც, როგორ თვითონ თქვა, მის თუშ დიდ ბებოს ეკუთვნოდა...
ის კულინარიით ჯერ კიდევ მეცხრეკლასელი დაინტერესდა, მაშინ, როდესაც თავის მომავალზე დაფიქრდა, - თუ რა უნდოდა ეკეთებინა - ხელობას დაუფლებოდა, თუ სკოლაში რასაც ასწავლიდნენ, იმას მიჰყოლოდა, რაც დიდად არ აინტერსებდა.
"ამაში იქ სამი წელი უნდა დამეკარგა, მერე უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა, რაღაც განათლება მიმეღო და მუშაობა მხოლოდ ამის შემდეგ დამეწყო. არადა, იმ პერიოდისთვის უკვე საკმაოდ დიდი ვიქნებოდი და გამოცდილება კი მცირე მექნებოდა... 15 წლისას, რაც ყველაზე მეტად მომწონდა, კულინარია იყო, ამიტომ მისი შესწავლა დავიწყე", - გვიყვება მირიანი.