ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება, რომლებშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა, განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს.
ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა, ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში, გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ომეგა 3 ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთიერებაა, რომელიც ამ დროს ბავშვს ესაჭიროება. სავალდებულოა, რომ იგი პატარას მივაწოდოთ რეგულარულად სხვადასხვა პროდუქტის სახით. კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ომეგა 3 ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას საგრძნობლად უწყობს ხელს, ეხმარება ორგანიზმს მოღონიერებაში. გარდა ამისა, შეიცავს დიდი რაოდენობით რკინასა და თუთიას, რომელიც ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. რკინა, როგორც ცნობილია, აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ჟანგბადის უჯრედებამდე ტრანსპორტირებისთვის.
თუთიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნური სისტემის განვითარებაში. ასევე, სწავლისა და მახსოვრობის პროცესებში. იგი მონაწილეობს დნმ-ის სინთეზის, ცილების მეტაბოლიზმის, ძვლების გაძლიერებაში.
ვიტამინი D3 და მინერალები, როგორიცაა მაგნიუმი და თუთია, აუცილებელია მზარდი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.
ზოგიერთი კვლევის თანახმად, ვიტამინი D-ს დაბალმა დონემ, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი მზისგან იღებს, შეიძლება გაზარდოს დავირუსების რისკი ან შეიძლება, ინფექციისას ორგანიზმმა უფრო მძიმე შედეგები განიცადოს. გასულ კვირას, ესპანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა 82%-ს ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი ჰქონდა. ბრიტანელი მეცნიერები გვირჩევენ D ვიტამინისა და ომეგა 3-ის შემცველ პროდუქტების მიღებას, რომელიც პანდემიურ სიტუაციაში თქვენი და თქვენი პატარების იმუნიტეტს გააძლიერებს.
რძის ნაწარმი, ფორთოხალი, თევზეული, სოკო - ის პროდუქტებია, რომლებიც D ვიტამინის დიდ რაოდენობას შეიცავენ.
თხილეული, ბროკოლი, თევზეული (ორაგული, სარდინა) კი ომეგა 3-ის დიდი შემცველობით გამოირჩევიან.
რძის პროდუქტი რომ სასარგებლოა და ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანებზე, ამაზე აღარავინ კამათობს. განსაკუთრებით მაშინ, თუ გამდიდრებულია D ვიტამინით. რასაკვირველია, პირველ რიგში, საუბარია ნატურალური გზით დამზადებულ პროდუქციაზე, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ყველა ის თვისება, რაც ჭეშმარიტად უნდა ჰქონდეს რძის ნაწარმს.
- ყველა რძემჟავა პროდუქტს აქვს მნიშვნელოვანი სამკურნალო-დიეტური თვისებები და ამიტომ ძალიან სასარგებლოა პატარებისთვის. რძემჟავა პროდუქტებს ორგანიზმი სწრაფად და სრულად ითვისებს და გადაამუშავებს. აი, ამ თვისების გამო ითვლებიან ისინი აუცილებელ და სასარგებლო საკვებად, - ამბობს ექიმი და ჟურნალ მკურნალის მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი.
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვთა სწორი კვება როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
R