"მეორედ დაილაპარაკებ და მოგიკლავ შვილს... ფული მოიტანეთ სრულად, თორემ კბილებს დაგაძრობთ" - ამ და სხვა საშინელი მუქარით ოჯახის მამა მეუღლეს ესაუბრება და მოკვლის მუქარაც საკუთარ, არასრულწლოვან შვილს ეკუთვნის. შსს-ს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში ჩანს, რომ მამა საშინელი მუქარის საფუშველზე აიძულებს ბავშვებს იმათხოვრონ და ფული მოიტანონ, დედა კი აპროტესტებს, რომ მამა"სტავკას" უწესებს და ეს არაადამიანურია.
"20 ლარს მოიტანენ თუ 25-ს, "კასაში" ხან ჩაყრი, ხან გამოიყენებ. ცოდვები არიან ბავშვები, ბატონო, სიცოდვილე იქონიე" - ამბობს დედა, რომელსაც ოჯახის უფროსი საშინელი მუქარით პასუხობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ვ.ე. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს.