მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის მიხედვით, 65 ათასიდან -100 ათასი ქულის მქონე ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფოს მხრიდან, 6 თვის განმავლობაში, დახმარების სახით, 100 ლარი დაერიცხება. ასევე, 0-იდან- 100 ათასი ქულის მქონე ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან 100- ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100- ლარიანი დახმარებაც ასევე 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
დავინტერესდით, როდიდან და რა ფორმით ჩაერიცხებათ ოჯახებს კუთვნილი თანხა და ხომ არ მოუწევთ რეგისტრაცია ან დოკუმენტების შეგროვება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს:
"სოციალურად დაუცველ ოჯახებს სპეციალური განცხადების შევსება ან სადმე დარეგისტრირება არ სჭირდებათ, ბაზაში არიან და ავტომატურად ხდება თანხის ჩარიცხვა მათ სოციალურ ბარათზე." - აღნიშნეს სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, თანხის ჩარიცხვა იანვრიდან დაიწყება, თუმცა ბრძანება ბოლომდე არ მიუღიათ და ზუსტი თარიღის დასახელება არ შეუძლიათ. ხოლო ოჯახებისათვის, რომლებიც შემდეგ თვეებში შეძლებენ სოციალურად დაცველთა ბაზაში მოხვედრას, იმ თვიდან დაიწყება თანხის ჩარიცხვა, რომელი თვიდანაც დაუმტკიცდებათ სტატუსი.
შეგახსენებთ, რომ 100 ლარი გათვალისწინებულია ოჯახზე და არა თითოეულ ბავშვზე.
თამარ იაკობაშვილი