Covid-19 -ის დიაგნოზით 30 ნოემბერს, საღამოს, 19 წლის თეკლა თორდია გარდაიცვალა. პაციენტს თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა. ინფიცირებული გოგონა დაავადების მეექვსე დღემდე სახლში მკურნალობდა, რადგან მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა. მეექვსე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - დაეწყო ძლიერი ხველება, მაღალი ტემპერატურა და შაქრის მაჩვენებელი უმართავი გახდა.
ამის შემდეგ ოჯახმა მისი კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა, რაზეც ადგილების არარსებობის გამო უარი უთხრეს. კლინიკის მაგივრად, პაციენტი კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს. იქ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. საბოლოოდ, პაციენტის "გერმანულ ჰოსპიტალში" გადაყვანა მოხერხდა, სადაც იგი მკურნალობის მეექვსე დღეს გარდაიცვალა.
რა გახდა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი? და ჰქონდა თუ არა ადგილი პროფესიულ გულგრილობასა და შეცდომებს ექიმების მხრიდან? – Ambebi.ge-მ გარდაცვლილის მამა რატი თორდია ჩაწერა.
- როგორ დაინფიცირდა თქვენი შვილი და როდის მოითხოვეთ მისი კლინიკაში გადაყვანა?
- ინფიცირების წყაროს ვერ გეტყვით. დაავადება მთელი 5 დღის განმავლობაში სრულიად უპრობლემოდ მიმდინარეობდა. ჩვენ მთელი ოჯახი ინფიცირებულები ვიყავით, მაგრამ ვინაიდან თეკლას ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მასზე ვიყავით მთლიანად გადართულები. სულ იზომავდა შაქარს, დღეში რამდენჯერმე. ხანდახან კი აუწევდა, მაგრამ შემდეგ ისევ ნორმაში ბრუნდებოდა და საერთო ჯამში, მდგომარეობა იყო მსუბუქი. მეექვსე დღეს დაეწყო ხველა, მოემატა ტემპერატურა, შაქრის მაჩვენებელსაც ვერ ვარეგულირებდით. დავურეკეთ ოჯახის ექიმს და მოვითხოვეთ კლინიკაში გადაყვანა. ჯერ არც გვიპასუხა წესიერად, არ მცალია ახლაო და შემდეგ საერთოდ არ პასუხობდა ჩვენს ზარებს. შემდეგ სხვა ოჯახის ექიმი ჩავრთეთ საქმეში და მან გვითხრა, რომ არცერთ კლინიკაში ადგილი არ იყო და ერთადერთი რაც შეეძლოთ, კოვიდ-სასტუმროში გადაყვანა იყო.
კლინიკების დირექტორებს გავლენიანი ადამიანები ურეკავენ და სთხოვენ, მათი ნაცნობები დააწვინონ: "პაციენტების 10% არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციით წევს და რეალურია საშიშროება, რომ ადამიანები სახლში გარდაიცვალონ"
- კოვიდსასტუმროში რა სიტუაცია იყო? როგორ მკურნალობდნენ პაციენტს?
- იქ გახლავთ იგივე სიტუაცია, რაც სახლშია. არანაირი განსხვავებული პირობები არ არის შექმნილი პაციენტის განკურნებისთვის. ექიმი კი ჰყავთ, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და საჭირო მედიკამენტები. პირველ დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახეთ სასწრაფო. მოვიდნენ მიაწოდეს ჟანგბადი, მედიკამენტები, ვითარება დასტაბილურდა და წავიდნენ. ვთხოვეთ, კლინიკაში გადაეყვანათ, თან მკურნალი ექიმიც ამბობდა, რომ საჭირო იყო ჰოსპიტალიზირება, მაგრამ არ არის ადგილებიო და წავიდნენ.
განაგრძეთ კითხვა