ნოემბრის შუა რიცხვებში Netflix-მა სერიალი „გვირგვინი“ წარუდგინა მაყურებელს. ის ბრიტანელი პრინცის, ჩარლზისა და განსვენებული ლედი დიანას რთულ ურთიერთობებს ასახავს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სასიყვარულო სამკუთხედზე, რომელშიც ჩარლზის მაშინდელი საყვარელი კამილა პარკერ-ბოულზი ფიგურირებს.
მასა და ჩარლზს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ დიანასთან ქორწინებამდე დაიწყო და მათი განქორწინების შემდეგ განახლდა. პრინცი ირწმუნება, რომ ქორწინების პირველ პერიოდში, სანამ მათი ურთიერთობა რღვევას დაიწყებდა, დიანასთვის არ უღალატია. თუმცა სერიალის ეპიზოდებში ნაჩვენებია, როგორ ხვდება ჩარლზი კამილას და დამშვიდობების ნიშნად გრავირებულ სამაჯურს ჩუქნის. ამ ეპიზოდმა კრიტიკის ტალღა გამოიწვია. ხალხმა სამეფო ოჯახის წევრებს რისხვით სავსე პოსტები მიუძღვნა და ჩარლზი დიანას მიმართ სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს.
„გვირგვინის“ ახალმა სეზონმა ერთი ხელის მოსმით გაანადგურა სამეფო პუბლიცისტების წლობით ნაშრომი, რაც საზოგადოების თვალში ჩარლზისა და კამილას რეპუტაციის აღდგენას მოხმარდა. სამაგიეროდ, დიანას თაყვანისმცემლების ახალი თაობა გააჩინა.
„ეს წყვილი ცხოვრებას უწამლავდა ჩვენს პრინცესა დიანას. ჩემი გული დამსხვრეულია“, „დიანას, ჩარლზისა და კამილას სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ სრული სიმართლე უცნობი დარჩება საზოგადოებისთვის, თუმცა დავინახეთ, რომ არაფერია იმაზე ამაზრზენი, როგორც უსუსური მამაკაცი, რომელიც საკუთარი ცოლის ბრწყინვალებითაა გაბოროტებული“ - წერენ დიანას გულშემატკივრები.
ნეგატიური კომენტარების საკმაოდ დიდი ტალღის გამო პრინცი ჩარლზისა და კამილა პარკერის ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში კომენტარების ფუნქციაც კი შეიზღუდა.
სამეფო ოჯახის ბიოგრაფი, ჰუგო ვიკერსი გამოცემა Insider-თან საუბრისას ამბობს, რომ ეს სასიყვარულო სამკუთხედი სერიალში არასწორადაა წარმოჩენილი. მისი თქმით, ჩარლზსა და კამილას დიანასთან ქორწინების პირველ წლებში ურთიერთობა არ ჰქონიათ. „გამოსამშვიდობებელი საჩუქრის სცენამ მაყურებელს ცრუ შთაბეჭდილება შეუქმნა, თითქოს წყვილი ჯერ კიდევ განქორწინებამდე კვლავ რეგულარულად ხვდებოდა ერთმანეთს.
სავარაუდოდ, ჩარლზმა მართლაც მოინახულა კამილა ნიშნობასა და ქორწინებას შორის პერიოდში, რათა საჩუქარი გადაეცა, სერიალშიც ასეა ნაჩვენები, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ამის შემდეგ მას კამილა 1986 წლამდე აღარ უნახავს“ - აცხადებს ვიკერსი.
სამეფო ბიოგრაფს მიაჩნია, რომ სერიალი ცალმხრივად აშუქებს მოვლენებს - იმ დროს, როცა ჩარლზი ბოღმიან, უსუსურ კაცად არის წარმოჩენილი, რომელიც გამუდმებით უყვირის ცოლს, დიანა გამუდმებით მსხვერპლის როლშია. „ფილმში არ ჩანს, რომ დიანაც აწყობდა სკანდალებს“ - ამბობს ვიკერსი და ირწმუნება, რომ ჩარლზმა ძალისხმევა არ დაიშურა ქორწინების გადასარჩენად.
შეგახსენებთ: პრინცმა ჩარლზმა კამილა პარკერი 1971 წელს გაიცნო. რამდენიმეწლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ და კამილა 1973 წელს გათხოვდა, 1981 წელს ჩარლზმა დიანა შეირთო, 1992 წელს კი წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ორი წლის შემდეგ პრინცმა ოფიციალურად გაასაჯაროვა კამილასთან ურთიერთობა. 1996 წელს ჩარლზი ოფიციალურად განქორწინდა, 2005-ში კი კამილა შეირთო ცოლად.