როგორც ცნობილია, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი, მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თვეში 100 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. კერძოდ, 65 ათასიდან -100 ათასი ქულის მქონე ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფოს მხრიდან, 6 თვის განმავლობაში, დახმარების სახით, 100 ლარი დაერიცხება. ასევე, 0-იდან- 100 ათასი ქულის მქონე ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან 100- ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100- ლარიანი დახმარებაც ასევე 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
დახმარების ასეთმა გადანაწილებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრი ბავშვიანი ოჯახი, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს, შემოსავლის შემცირების გამო თავადაც საჭიროებს დახმარებას.
"ოჯახში რომ შვიდნი ვართ და მათ შორის, სამი არასრულწლოვანი, უმუშევრები და შემოსავალი, მხოლოდ პენსია, რომელიც ბანკში მიდის, მათ რა ქნან?!" "სხვებმა რა დავაშავეთ? ვარ სოც.დაუცველი მყავს 2 ობოლი არასრულწლოვანი და ჩვენ რატომ არ მოვხვდით დახმარებაში?" რა დააშავა იმ ბავშვმა, თუ არაა სოციალურად დაუცველი და არ ცხოვრობს მრავალშვილიან ოჯახში... ჭამა და მოვლა არ სჭირდება? როგორც ვიცი მრავალშვილიან ოჯახების და სოციალურად დაუცველებისთვის უფრო ხელმისაწვდომია ყველაფერი" ვარ მარტოხელა დედა, არსად მუშაობ, ვცხოვრობ პენსიონერ დედასთან, მყავს 11 წლის შვილი. რა ვქნა მე ვერ მივიღებ დახმარებას? არ მაქვს სოციალური, მყავს 3 შვილი ე.ი. ასეთ კატეგორია ისევ დახმარების გარეშე რჩება" ორშვილიანება რა დააშავეს ? რა წესებია ვინ ადგენს ესეთ სისულელეებს?" მოქალაქეებს გაუჩნდათ კითხვა, პაკეტი გათვალისწინებულია მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, თუ ეტაპობრივად სხვა ბავშვიანი ოჯახებიც დაემატება დასახმარებელთა სიას. დასაზუსტებლად ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით აღნიშნული პაკეტი მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვისაა და სხვა ოჯახებს, მათ შორის მრავალშვილიანებს, არ ითვალისწინებს.
მათივე თქმით, ბრძანება ოფიციალურად ძალაში არ შესულა და შესაბამისად, შესაძლებელია თუ არა სიაში ყველა მრავალშვილიანი ოჯახი მოხვდეს, ინფორმაცია არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ იანვრის თვიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებს თანხა ავტომატურად დაერიცხებათ სოციალურ ბარათზე.
თამარ იაკობაშვილი