ბევრი დედა თვლის, რომ ერთ წლამდე ბავშვებისთვის ყურების გახვრეტა კატეგორიულად აკრძალული და მიუღებელია.
ასევე, უამრავი ექიმიც ამბობს, რომ ერთ წლამდე (ზოგიერთის აზრით კი - უფრო მოზრდილ ასაკამდეც) ბავშვებისთვის ყურის გახვრეტა რეკომენდებული არ არის. მიზეზად ასახელებენ ასიმეტრიას, რომელიც შესაძლოა სამომავლოდ განვითარდეს, ასევე ნაწიბურების გაჩენის რისკს, ტრავმას, გაღიზიანების საშიშროებას... რომ არაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ ეს ბავშვებისთვის არჩევანის უფლების ჩამორთმევაა.
უამრავ მიზეზს ასახელებენ, თუმცა ყველა მშობელი არ ითვალისწინებს რეკომენდაციას და ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. არსებობენ დედები, რომლებიც ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და თვეების ბავშვებს უხვრეტენ ყურებს.
მათ შორისაა ცნობილი მსახიობი ჰილარი დაფი. მსახიობმა ერთი წლის წინ 8 თვის ქალიშვილს ყური გაუხვრიტა. ვარსკვლავმა მალევე მიიღო ნეგატიური კომენტარები: "არ მესმის, რატომ ფიქრობთ, რომ ეს კარგია. თქვენს ქალიშვილს ძლიერი ტკივილი მიაყენეთ და დისკომფორტი შეუქმენით", - წერდნენ მსახიობს სოციალურ ქსელში.
ბევრმა გამოწერაც კი გააუქმა იმის გამო, რომ მსახიობი ასე მოიქცა და შვილს ტკივილი მიაყენა. თუმცა, გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც დაფის დაცვა გადაწყვიტეს და აქტიურად გააზიარეს საკუთარი ისტორია სოციალურ ქსელში, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მცირე ასაკში ყურის გახვრეტის გამო არანაირი ტკივილი არ უგრძნიათ.
მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ქლოე კარდაშიანი, როდესაც საკუთარ ქალიშვილს ორი თვის ასაკში უყიდა საყურეები და ყურები გაუხვრიტა. ფაქტი რეალითი-შოუში აჩვენეს. ბევრი კრიტიკა მიიღო თუნდაც იმის გამო, რომ 2 თვის ბავშვს შესაძლოა საყურე მოეხსნა და პირში ჩაედო. თუმცა, მასაც გამოუჩდნენ გულშემატკივრები და თქვეს, რომ ბავშვიც ერთ-ერთი კარდაშიანია.
სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს უკრაინელი მომღერალი ნატალკა კარპა. მანაც 8 თვის ასაკში გაუხვრიტა თავის გოგონას ყური. მომღერალი დიდხანს ყოყმანობდა, თუმცა, ბოლოს თქვა, რომ ეს მის ოჯახში დიდი ხნის ტრადიციაა.
უსიამოვნება შეხვდა ბრიტანელ ლევი კონელსაც, რადგან 2 თვის ასაკში გაუხვრიტა ქალიშვილს ყური. კონელმა ისიც თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი პოლიციითაც კი ემუქრებოდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ბავშვზე ძალადობდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან 2 თვის ასაკში ბავშვი გაცილებით ნაკლებად იგრძნობს ტკივილს, ვიდრე 3-4 წლის ასაკში.
ბრიტანელმა რებეკა მასონმაც გადაწყვიტა გოგონასთვის 4 თვის ასაკში გაეხვრიტა ყური. ის საკუთარ გადაწყვეტილებას ასე ხსნის: "გადავწყვიტეთ, რომ ადრეულ ასაკშივე გაგვეხვრიტა ბავშვისთვის ყურები, რადგან დადასტურებულია, 5-10 წლის ასაკში შესაძლოა ინფექციით დასრულდეს იმიტომ, რადგან მოზრდილ ასაკში გოგონები ხშირად ეხებიან ყურს ხელებით". მასაც ეუბნებოდნენ, რომ ყურის გახვრეტა მისი შვილის არც ერთ ცრემლად არ ღირდა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური აკრძალვა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყურის გახვრეტასთან დაკავშირებით არ არსებობს. არჩევანი მშობლებზეა, გაუხვრიტონ შვილებს ადრეულ ასაკში ყურები თუ დაელოდნონ მათ გაზრდას და არჩევანის თავისუფლება დაუტოვონ.