„ვინც კი ნევროლოგი, პედიატრი გაგვიგია, ყველამ იცის სანის შესახებ“ - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს?
„ვინც კი ნევროლოგი, პედიატრი გაგვიგია, ყველამ იცის სანის შესახებ“ - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს?
ვახო სანაიამ და თამუნა ყურაშვილმა ცხოვრება ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაუკავშირეს. ვახო ჟურნალისტია, თამუნა - ექიმი. ორივეს ჰყავს შვილები წინა ქორწინებიდან, ვახოს - 3 გოგონა, თამუნას კი - 2. ერთი წლის წინ წყვილს ვაჟი შეეძენა, სანი, რომელმაც ყველას ცხოვრება შეცვალა. როგორც თავად ამბობენ ხოლმე, ეს გახლავთ ბავშვი, რომელსაც ამ ასაკში უკვე თავისი კონსტიტუცია აქვს, დედას ცოტას ანერვიულებს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელი ბიჭია. რა პრობლემები აწუხებს ჟურნალისტისა და ექიმის შვილს, რატომ იყვნენ მისი კვლევებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ჩართული ქართველი და უცხოელი ექიმები და რა
გაირკვა კონსილიუმების შემდეგ, ამის თაობაზე
თამუნა mshoblebi.ge-ს გულწრფელად ესაუბრა.

- სანი ჩემი მესამე შვილია. იდეალური ორსულობა მქონდა. ახალგაზრდა მშობიარედ არ ვითვლებოდი, რადგან 39 წლის ვიყავი, როცა სანი გაავაჩინე. მოგეხსენებათ, 28 წლის შემდეგ ქალი ხანდაზმულად ითვლება მშობიარობისთვის. საკეისრო ყოველგვარი გართულების გარშე წარიმართა, იყო პლაცენტის აშრევების საშიშროება, არ გავრისკეთ და საკეისრო 38-ე კვირაზე გამიკეთეს.

- ბავშვი რა წონის დაიბადა?

- 2,600, რაც ჩემთვის უჩვეულო იყო, რადგან ექოსკოპიაზე ბევრად დიდ წონას მეუბნებოდნენ. გარდა ამისა, ჩემი პირველი შვილი დაიბადა 4,200 კგ, მეორე - 3,800 (იღიმის). თანამედროვე გაიდლაინებით 2,600 ნორმად ითვლება, 2,400-ის ქვემოთ უკვე მცირეწონიანია. სამწუხაროდ, არც ერთ შვილზე არ ვიყავი უხვრძიანი დედა და სანის შემთხვევაშიც სამშობიაროშივე მოგვიწია დამატების მიცემა. ვიცი, რომ ბუნებრივი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გვინდა. 2 თვე ბავშვს სტანდარტების მიხედვით ვკვებავდით და არანაირ პრობლემას არ შევუწუხებივართ, ჰქონდა კარგი კი არა, ზედმეტი მატებაც კი. ღამე კარგად ეძინა და მე თუ არ გავაღვიძებდი, რომ ეჭამა, თვითონ არ იღვიძებდა. 2 თვის შემდეგ უკლო ჭამას, 90 გრამის ნაცვლად - 60 გრამს ჭამდა, მივიყვანე ექიმთან და აღმოჩნდა, რომ თუ აქამდე დღეში 40 გრამს იმატებდა, ახლა მატება მხოლოდ 15 გრამი იყო. მიზეზი საკვების სიმცირე გახლდათ, არ ჭამდა მისთვის განკუთვნილ ულუფას. ნევროლოგიურად ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. დავიწყეთ კვლევა. პირველი იყო ახალშობილთა სკრინინგი მეტაბოლურ დარღვევაზე, ანალიზები გერმანიაში გავგზავნეთ, შემდეგ გამოვიკვლიეთ კალიუმი, მაგნიუმი და ზოგადად, ყველაფერი, რაც შეიძლება მიზეზი გამხდარიყო სანის უმადობის. პასუხები ყველაფერზე დადებითი მოგვივიდა, ანუ ყველაფერი მწყობრში იყო. ვცადეთ სხვადასხვა კალორიული კვება, არც ერთის გემო არ მოსწონდა, არ ჭამდა, ამიტომ სადიაგნოსტიკოდ დავწექით საავადმყოფოში, რომ ზონდით მიგვეცა მაღალკალორიული, სპეციალური კვება, რომლის 1 გრამში 1 კალორიაა. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ დაგვედგინა, მეტი კალორიის მიღება იქონიებდა თუ არა გავლენას ბავშვის წონაზე. საბოლოოდ გამოირკვა, რომ მაღალი კალორაჟის საკვების მიღებისას, მატება ჰქონდა, ანუ პრობლემა კალორაჟის ნაკლებობა იყო. 5 თვის რომ გახდა, დავუწყე ზოგადი მასაჟი, მშობლები რომ ვუკეთებთ შვილებს ზოგადი განვითარებისთვის, ამ მასაჟს ვგულისხმობ, რის შემდეგაც ბავშვი წავიდა კლებაში. აქამდე თუ ცოტას იმატებდა, მერე კლებაში წავიდა. მინუს კილოგრამებზე რომ წავედით, უკვე ძალიან შემეშინდა.

- როცა დამატებითი კვება ჩაერთო ფაფები, ხილი, ბოსტნეული არ შეიცვალა სიტუაცია, არ მოუმატა სანიმ ჭამას?

- იმის გამო, რომ კოვზით უფრო მარტივია ბავშვს აჭამო საკვები შენთვის სასურველი რაოდენობით, დამატებითი კვება 4 თვიდან დავიწყეთ. ჯერ ფაფები მივეცი, რადგან უფრო კალორიულია, ვიდრე ბოსტნეული, შემდეგ - ბოსტნეული, ხილი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმატებდა ხან ცოტას, ხან ოდნავ მეტს, მაგრამ ეს არ იყო ნორმა. ზოგადად, ჭამის პროცესი არ მოსწონდა. პირველად მქონდა ასეთ შემთხვევასთან საქმე და ახლა ვხვდები, რა რთულია უჭმელი ბავშვი მშობლისთვის. არც პირველ და არც მეორე შვილთან მსგავსი პრობლემები არ მქონია. ემოციურად ეს ძალიან რთულია, რამდენჯერ მიტირია იმის გამო, რომ საჭმელს არ ჭამდა. მყავდა ნევროლოგთან, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, თავის ზომა, სიმაღლე თუ სხვა მაჩვენებლები, ასევე განვითარებითაც ასაკის შესაბამისი იყო, მეტიც, უსწრებდა ხოლმე. ერთადერთი კუნთების მასა აკლდა და ჰქონდა ტონუსის პრობლემა, ეს კი წონის სიმცირისგან გამომდინარეობდა.

- რამდენად აქტიური იყო და აქტივობებს თუ ასრულებდა ასაკის შესაბამისად, ეს იქნება ჯდომა, სიარული თუ სხვა.

- ძალიან აქტიური იყო, მაგრამ როცა წონა საკმარისი არ არის, მაშინ ხდება შეფერხება. თუ ბავშვი უნდა დაჯდეს 6-7 თვის ასაკში, იმის გამო, რომ კუნთის მასა განვითარებული არ აქვს, შეიძლება, ეს 1-2 თვის დაგვიანებით მოხდეს. ვიყავით ლაშა ძიძიგურთან და მანაც გვითხრა, რომ წონა აკლია და ამის გამო შეიძლება გვიან დაჯდეს, თორე სხვა პრობლემა არ აქვსო. ძალიან ვნერვიულობდი. ვინც კი ნევროლოგი, პედიატრი გაგვიგია, ყველამ იცის სანის შესახებ და ყველა ჩართული იყო ამ ამბებში. ძალიან ბევრს ვკითხულობდი და შემდეგ ნევროლოგმაც მითხრა, რომ შესაძლოა იყოს მეტაბოლური დაავადება, რომელიც ჩვეულებრივი სკრინინგით არ ჩანს, ამიტომ მივედით იქამდე, რომ გადაგვეღო კატე. არც ეს იყო ადვილი, მაგრამ ნარკოზით გავუკეთეთ კომპიუტერული ტომოგრამა. იქ იყო პატარა ცვლილება, მაგრამ ექიმების კონსილიუმის, განსჯის შედეგად ეს ცვლილება აიხსნა იმით, რომ ბავშვს არ ჰქონდა შესაბამისი კალორაჟი და მისი მონაცემები არ ითვლებოდა დარღვევად. მიუხედავად ამისა, დავუკავშირდი ამერიკაში, გერმანიაში, ავსტრიაში ბავშვთა ნევროლოგებს, ყველას გადავუგზავნე ეს კატე და ყველამ დამამშვიდა, რომ არაფერია საგანგაშო, უბრალოდ 2 წლი-ნახევრის ასაკში უნდა გადამოწმდეს, მანამდე კი ეს მაჩვენებლები და ეს მდგომარეობა ნორმად ითვლებაო. მიუხედავად ამისა, ჩვენი პრობლემა პრობლემად რჩებოდა და იყო ნერვიულობის საგანი ოჯახში. თუმცა, ვახო სულ ამბობდა, ამ ბავშვს არაფერი სჭირს, ყველაფერს „უგონებთო“. მთავარია, ნორმალურად ვითარდება და რამდენსაც უნდა, იმდენს ჭამსო. მართალია ექიმებისგან დამამშვიდებელი პასუხები მქონდა, მაგრამ მაინც გავაგზავნეთ გენეტიკური ანალიზი საზღვარგარეთ, 2 თვე ველოდეთ პასუხს და აქაც პასუხი დამაკმაყოფილებელი მოვიდა, ყველაფერი რიგზე გაქვთო.
mshoblebi

- საბოლოო ჯამში რა დადგინდა და ახლა როგორ სიტუაციაში ხართ სანის კვების მხრივ?

- უკვე რამდენიმე თვეა ვართ მაღალკალრიულ კვებაზე, ჭამს ყველაფერს, მაგრამ ყველა საკვებს ვუხსნი ამ მაღალკალორიულ რძეში, ფაფა იქნება, ბოსტნეული, ხორცი თუ სხვა რამ, ყველაფერს ამ საკვებს ვუმატებ. ძალიან ბევრი ცხრილი მაქვს გაკეთებული გრამაჟობისა და კალორიულობის მიხედვით, უკვე ზეპირად ვიცი, რომელი პროდუქტი რამდენ კალორიას შეიცავს. კუნთების ტონუსის მოსამატებლად ცურვაზეც დამყავდა სპეციალურ ტრენერთან, სადაც მასაჟს კი არ უკეთებდნენ, ავარჯიშებდნენ, რათა კუნთის მასა ტონუსში მოსულიყო. სხვათა შორის, ეს ძალიან დაგვეხმარა და სანი უკვე დგამს ნაბიჯებს ჩვენი დახმარებით.
ამ წუთას რა ხდება?! მივედით იმ დასკვანმდე, რომ ამ ბავშვს აქვს თავისი კონსტიტუცია, აქვს ჭამის თავისი წესი. ბევრი კვლევისა და ანალიზის მიუხედავად ვერაფერი „ხელჩასაჭიდი“ ვერ ვიპოვნეთ. ვინერვიულეთ ბევრი და დიდი ფინანსური, თუ ემოციური რესურსი ჩავდეთ ამ დასკვნების მისაღებად. სანი არის ბავშვი, რომელსაც არ შივდება, ხალხური მეთოდებიც ვცადეთ - მოვაშიეთ, 5 საათი არ ვაჭამეთ, მაგრამ არ აქვს პრობლემა ბავშვს, თუ არ შეჭამს (იცინის). ახლა შევიმუშავეთ ჩვენი გრაფიკი, ვაჭმევ მცირე ულუფებს 2-საათ-ნახევარში ერთხელ 24 საათის განმავლობაში.

- როგორც ვიცით, იუნისეფთანაც გქონდათ კონტაქტი მაღალკალორიულ საკვებთან დაკავშირებით...

- დიახ, აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს ძალიან მაღალკალორიული საკვები, რომელიც განკუთვნილია იმ აფრიკელი ბავშვებისთვის, ვისაც აქვს კვების დეფიციტი, მაგრამ ეს საკვები არ იყიდება, იწარმოება საფრანგეთში და დახმარების სახით გაიცემა იუნისეფის მიერ. ველაპარაკე ჩვენი ქვეყნის იუნისეფის ოფისს და აღმოჩნდა, რომ ჩვენთან უფრო ჭარბი წონის პრობლემაა, ვიდრე მცირე წონის და ეს პროგრამა ჩვენს ქვეყანაში არ მუშაობს. მივწერეთ, რომ იქნებ რამენაირად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენთვის, მაგრამ იქ იმხელა ბიუროკრატიაა, პასუხს დიდი დრო სჭირდება. ამასობაში ჩვენ უკეთესობისკენ მივდივართ, ჩვენი კვების რუტინით. მთელი დღე ვართ ჭამის პროცესში, ღამეც სპეციალურად ვიღვიძებ და ვაჭმევ, რომ მიიღოს ის 50-60 კალორია.

- მიუხედავად ამ პრობლემებისა, თქვენ მუშაობთ, გაქვთ სხვა საქმეებიც, ამ პერიოდში ბავშვი ვისთან არის? როცა ასეთი მკაცრი კვების რუტინა აქვს, დასათვლელია კალორიები, რთულია იპოვო ისეთი ადამიანი, ვინც ამას ზუსტად თქვენნაირად გააკეთებს...

- თავიდავე მყავდა ძიძა, რომელიც მეხმარებოდა ძალიან, შაბათ-კვირას ბებია გვეხმარებოდა, მეც ბუნებრივია ჩართული ვარ ამ პროცესში. მაგრამ უკვე 3 თვეა, მყავს სადღეღამისო ძიძა, ეს გულისხმობს იმას, რომ დილით გაღვიძებიდან საღამომდე ჰყავს მას, მეც სახლში ვარ, 4-5 საათი ვმუშაობ ხოლმე, ღამით კი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემთან, ღამის კვებებს ვაჭმევ მე, იმიტომ, რომ ძიძასაც დასვენება უნდა, რომ დღის განმავლობაში ძალა და ენერგია ჰქონდეს. როცა დღის ძიძა მყავდა, ძალიან მიჭირდა, მაშინ იყო პერიოდი, როცა 2 საათში ერთხელ ვაჭმევდი და ფაქტობრივად მთელი ღამე მეღვიძა, დილას 6-ზე რომ იღვიძებდა ბავშვი და თამაში უნდოდა, უკვე ძალა აღარ მქონდა. ძალიან რთულია, მიჭირდა. ამიტომ გადავწყვიტე, სადღეღამისო ძიძა ამეყვანა და ძალიან კმაყოფილი ვარ, გამოცდილება აქვს პრობლემურ ბავშვებთან მუშაობის. ძალიან დამეხმარა ხათო, ნახევარი დღე ერთად ვართ, მე როცა სამსახურში მივდივარ, მაშინ რჩებიან ხათო და სანი მარტო.
mshoblebi

- მამა, ანუ ვახო რამდენადაა ამ პროცესებში ჩართული?

- ღამე მეხმარებოდა ძალიან, ჩართულია, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებოდა ტყუილად დაგყავს ექიმებთან, არაფერი სჭირს ბავშვსო (იცინის). რძე ბევრჯერ გაუმზადებია, რომ მეჭმია სანითვის, ისედაც სხვა რუტინულ საქმეებშიც ჩართულია აქტიურად.

- უფროსი შვილები რამხელები არიან?

- ჩემი პირველი შვილი გახლავთ 23 წლის მარიამ კვაშილავა, რომელიც ძალიან ჭკვიანი და კარგი გოგოა, სორბონას უნივერსიტეტი დაამთავრა,  ხელოვნებათმცოდნეა, ცნობილი ჯგუფი რომ არის „გლემ ფაქტორი“ - მისი დამფუძნებელია. მეორე შვილია ანასტასიაა, რომელიც 14 წლის გახდა, ძალიან ჭკვიანი გოგოა, ხატავს კარგად. ნასწი ჩვენთან ერთად ცხოვრობს და ძალიან მეხმარება სანის ამბებში, ჩართულია ყველაფერში. არც ერთ შვილზე არ მქონია არც ჭამის, არც ძილის პრობლემა, სანიც კი იძინებს, მაგრამ მე ვაღვიძებ, რომ ჭამოს (იღიმის). უცხოელ ექიმებთან კომუკიაციაში მარიამი იყო ძალიან აქტიური, მეილები, ინფორმაციის მოძიება მისი საქმე გახლდათ.

- დასასრულ, რჩევის სახით რას ეტყოდით დედებს, ვისაც პრობლემური შვილი ჰყავს..

- ძალიან რთულია ეს ყველაფერი ემოციურად. არ ვიცი, ასეთ დროს რა რჩევა უნდა მივცე, მაგრამ გადამოწმება არის ის, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოს მშობელმა. მე ძალიან ბევრ ექიმთან მქონდა კომუნიკაცია, ქართველთან, უცხოელთან და ა.შ. შემდეგ ვაჯერებდი მათგან მიღებულ ინფორმაციას, ანალიზს ვუკეთებდი და ისე ვმოქმედებდი. მეც ჩართული ვიყავი ამ პროცესში, მე არ ვიყავი ის დედა, რომელიც მიდის ექიმთან, თავს უქნევს მას და რასაც ეტყვის იმას აკეთებს. ძალიან დამეხმარა ის ფაქტი, რომ მე თვითონ ექიმი ვარ. როცა ექიმებს ჰქონდათ კონსილიუმი, მეც ვესწრებოდი, ჩართული ვიყავი, ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი. ძალიან რთულია, როცა არ გაქვს სამედიცინო განათლება და ამდენი ინფორმაცია გაქვს მოსაძიებელ-გასაანალიზებელი. გუგლში შეიძლება მოიძიო ზოგადი ინფორმაცია, მაგრამ მედიცინა არ არის მეცნიერება, სადაც 2X2=4, ბევრ ნიუანსს აქვს მნიშვნელობა. აქ თუ რამეს ვერ გაიგებ, დღეს უკვე არსებობს უამრავი სერვისი, რომ უცხოელი ექიმებისგან მიიღო დახმარება. დედამ ყოველთვის ეჭვის თვალით უნდა შეხედოს ყველაფერს. დაგისვეს დიგნოზი? აუცილებლად გადაამოწმეთ სხვასთან, უფრო კომპეტენტურთან, იმაზე უფრო კომპეტენტურთან და ა.შ, ეს იმიტომ, რომ რამე არ გამოგრჩეთ, ესაა რჩევა, რაც შემიძლია დედებს მივცე, ზოგადად, ასეთ მდგომარეობაში ძალიან რთულია რამის თქმა, მაგრამ მაინც.

ციცი ომანიძე

40291
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
პიპინია
2
ჩემაა კომენტარმა რა დააშავა ვახოს ნიფხვებთან დაკავშირებით რომ წაგიშლიათ? სერიოზულად მაინტერესებს ცივ წყალში რეცხავს თუ ნელთბილში?
12:11 / 17-12-2020
Nina
0
აუ მარიამის დედა თუ იყო თამუნა ,ნამდვილად არ ვიცოდი
02:08 / 16-12-2020
myquiz
მსგავსი სიახლეები