პანდემიის პირობებში ალბათ ყველაზე მეტად ბავშვებს უჭირთ ფსიქოლოგიურად და ეს ინიციატივა სწორედ ბავშვებს დაეხმარება, გაახალისებს და გააბედნიერებს. ინიციატივა, რომელსაც ბავშვებმა "სიკეთის ვირუსი" უწოდეს, უკვე აიტაცა ბევრმა მოზარდმა და შედეგებიც მოჰყვა - არაერთ ოჯახს დაეხმარნენ პატარები.
ეს იდეა პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებს (მაშო ფხაკაძეს, თამარ ჩოკოშვილს, ლიზი ბეროშვილს, ელენე გელაშვილს, ნანა კალანდიას, კესარია ხასაიას, ნატალი ჟველიას, ანა ამირანაშვილს, თიკა დათაშვილს, ნიკა მიქაძეს, ანასტასია გასვიანს, ნია შონიას და მარიამ ანჩაბაძე) გაუჩნდათ და სწორედ მათი ინიციატივით, საქართველოში სურთ გაავრცელონ სიკეთის ვირუსი და ერთმანეთს გაუხალისონ ახალი წელი!
იდეა მდგომარეობს შემდეგში: ბავშვები წერენ ვიდეოს, გზავნიან საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის გვერდზე, რომელსაც მიმართეს სწორედ ამ იდეით, და იწვევენ მეგობრებს, ვისაც სურვილი აქვს საახალწლოდ უცნობ თანატოლებს საჩუქრები გაუკეთონ.
ბავშვები საახალწლოდ თანატოლებს ტკბილეულსა და სათამაშოებს უწილადებენ, მათი ინიციატივით ჩაწერილ თითოეულ ვიდეოს კი ის ადამიანები ეხმაურებიან, ვისაც იმ ეტაპზე სჭირდება დახმარება და თითოეული ბავშვის ოჯახი სწორედ ასეთ ადამიანებს ეხმარება!