ერთ-ერთმა მეზობელმა წერილის შინაარსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ვირუსულად გავრცელდა.
ტვიტერის მომხმარებელმა, რომლის სახელიც სოციალურ ქსელში Kitty BeeJr-ია, გამოაქვეყნა იმ წერილის ფოტო, რომელიც მის მეზობლებს, უორდების ოჯახს, 4-თვის ბავშვის მშობლებს, კარზე ეკიდათ. წერილის შინაარსი იმდენად დამთრგუნველი იყო, ქალი ახალგაზრდა მშობლებისთვის ორცხობილების გამოცხობასაც კი აპირებდა.
წერილში კი შემდეგი რამ ეწერა:
"გამარჯობა, მეზობლებო!
გიკავშირდებათ ბინა ნომერი 207. გაცნობებთ, რომ ჩვენი ვაჟისთვის ძილის სწავლებას ვიწყებთ. მრავალი უძილო ღამის, 4-თვიანი კოშმარული სიზმრებისა და სრული რეგრესის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროა სხვა მეთოდს მივმართოთ. ამიტომ, თუ გვიან მის ტირილს გაიგონებთ, გთხოვთ, ჩემთვისაც ილოცეთ, რადგან იცოდეთ, რომ მეც მასთან ერთად ვტირი. წინასწარ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ვგეგმავ, რომ დღეს დავიწყო და 3-4 დღის განმავლობაში გავაგრძელო. თუ შედეგი არ გვექნება, ორი კვირა დავისვენებთ და მერე ისევ ვცდით. მინდა იცოდეთ, ბავშვი იმის გამო არ ტირის, რომ მე დავტოვე. უბრალოდ, მინდა, რომ დამოუკიდებლად ისწავლოს დაძინება, შეძლოს საკუთარი თავის დამშვიდება 45-60 წუთში. მე, რა თქმა უნდა, ყოველ 5-10 წუთში მასთან ოთახში შევალ, რომ არ იფიქროს, მარტოა.
თუ ჩათვლით, რომ ვეღარ გვიტანთ, მაშინ უბრალოდ დააკაკუნეთ ჩვენს კარზე, მე ერთ ჭიქა სასმელზე დაგპატიჟებთ და ასე შევინარჩუნებთ მეგობრულ ურთიერთობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ილოცეთ ჩვენთვის და ჩართეთ ტელევიზორი მაღალ ხმაზე. თუ რძე, შაქარი ან კვერცხი დაგჭირდებათ, გვაქვს და ჩვენ მოგცემთ.
ბოდიშს გიხდით! თქვენი დაღლილი მეზობლები, უორდები."
Kitty BeeJr-ის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა მილიონზე მეტი მოწონება და 87 ათასი რეტვიტი მოიპოვა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ახალგაზრდა წყვილს ორცხობილებს გამოუცხობს. თავად KittyBeeJr-ს კი ბავშვის ტირილი არ აწუხებს, რადგან სახლში ძირითადად ყურსასმენებით უსმენს მუსიკასა თუ სხვა ინფორმაციას და სამზარეულოშიც ხშირად რთავს მიქსერს.