ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციაზე ყურადღება ფეხმძიმობით მიიპყრო, მოგვიანებით თავისი მართლება მოუხდა. რუსეთის ფედერაციის მასობრივ მედიასაშუალებათა კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე მალკევიჩმა ის სიცრუეში დაადანაშაულა და ჟურნალისტის დასჯა მოითხოვა. მისი თქმით, კორესპოდენტმა რუსეთის პრეზიდენტი მოატყუა.
საქმე იმაშია, რომ რიაზანელმა ჟურნალისტმა ალექსანდრა ბეზუკლადოვამ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციის მსვლელობისას ხელში დაიკავა ტრასფარანტი წარწერით "ფეხმძიმედ ვარ", რითაც სიტყვის უფლება პრეზიდენტისგან მარტივად მიიღო. ამ სიტყვაში კი ბეზუკლადოვამ თავისი ოლქის ერთ-ერთი ჩინოვნიკისთვის სახალხო გმირის წოდების მინიჭება მოითხოვა.
"უთო რომ ჩართოთ, იქედანს ისმის, რომ ჩინოვნიკმა მოიპარა, ქრთამი აიღო, რომ ცუდად მუშაობს. ერთ-ერთმა რიაზანელმა ჩინოვნიკმა იგორ გრეკოვმა კი თავისი სიცოცხლის რისკის ფასად ხანძრის დროს 7 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ჯერ ორი მოხუცი, შემდეგ დედა ორი შვილით და კიდევ ორი ადამიანი ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოიყვანა. რიაზანის მოსახლეობა გთხოვთ, რომ მას გმირის წოდება მიანიჭოთ" - მიმართა ჟურნალისტმა პრეზიდენტს, რომელმაც კითხვა შეუბრუნა, რა შუაში იყო გრეკოვის გმირობა მის ფეხმძიმობასთან.
"როცა პირველ ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, მშობიარობამდე ორი კვირით ადრე მოვხვდი თქვენს პრესკონფერენციაზე, მაგრამ კითხვის დასმის საშუალება არ მომეცა. ვიფიქრე, თუ ამჯერად წარწერას გამოვიყენებდი, შემამჩნევდით და ასეც მოხდა" - განუმარტა ბეზუკლადოვამ პრეზიდენტს ტრანსპარანტის გამოყენების მიზეზი.
"ესე იგი, გაგვაცურეთ... რას ვიზამთ, საშიში არაფერია. მადლობა, რომ სხვის გმირობას ასეთი ყურადღება მიაქციეთ. კეთილი ადამიანი ჩანხართ და თქვენი შვილებიც კეთილსაიმედი გარემოში გაიზრდებიან," - უპასუხა პრეზიდენტმა და როგორც ჩანს, მისი ფრაზა "გაგვაცურეთ" მიზეზი გახდა ჟურნალისტის დასადანაშაულებლად. მედიასაშუალებათა კომისიის თავმჯდომარემ მას რიაზანის ვიცე-გუბერნატორის იგორ გრეკოვის ლობირებაშიც დასდო ბრალი.
ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება, რა სანქციას დააკისრებენ ჟურნალისტს, თუმცა მისთვის გაუგებარია, რაშია დამნაშავე, როცა არავინ მოუტყუებია და ნამდვილად ფეხმძიმედაა.
"ორსულობა ჯერ ადრეულ ვადაზეა. როცა დიდი მუცელი მქონდა, მაშინ ვერავინ შემამჩნია და კითხვა ვერ დავსვი, ახლა იდეა მომივიდა, წარწერით მიმექცია ყურადღება. შემიძლია ექიმის ცნობაც წარმოვადგინო ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით" - აცხადებს ჟურნალისტი, რომელმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.