ალერგიების გავრცელება ძირითადად გაზაფხულზე, ხე-მცენარეების ყვავილობის პერიოდში იწყება, თუმცა ეს პრობლემა ზამთარშიც საკმაოდ აქტუალურია. ისიც დადგენილია, რომ ადამიანთა 40% ალერგიულია ისეთი გამღიზიანებლის მიმართ, რომელთა უმეტესობასაც არანაირი კავშირი არ აქვს სეზონთან.
ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ალერგოლოგი თამარ ბარბლიშვილი გვესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ დახურულ სივრცეში ყოფნის გამო, პაციენტები სხვადასხვა გამღიზიანებლების მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას ზამთარშიც ავლენენ.
მილიონობით ადამიანს აქვს ზამთრის ალერგიები, რადგან ცივ ამინდში უმეტეს დროს სახლებში ან სხვა დახურულ ადგილებში ატარებენ. ამ შემთხვევაში აქტიურად უწევთ ისეთ ალერგენებთან შეხება, როგორებიცაა: ოთახის მტვრის ტკიპები, სინესტის სოკოს სპორები, ცხოველთა ნერწყვში, შარდში ან ეპითელიუმში არსებული ალერგენები და ა.შ
სწორედ ამას უკავვშირდება ზამთარში გამწვავებული ალერგიები.
პრევენციული ღონისძიებები შემდეგი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.
ოთახის მტვრის ტკიპა მაღალტენიანობის პირობებში მრავლდება. ასეთ დროს სასურველია ბინაში ეს მაჩვენებელი 30-50%-მდე მერყეობდეს, რომ ტკიპას გამრავლებამ ინტენსიური ხასიათი არ მიიღოს. მნიშვნელოვანია საწოლის თეთრეულის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა, რომ მისი კონცენტრაცია შემცირდეს და ადამიანმა მთელი ღამის განმავლობაში ნაკლებად ჩაისუნთქოს. გარდა ამისა, ბინა სველი წესით უნდა გაწმინდოთ და გამოიყენოთ მტვერსასრუტი, რომელსაც ე.წ. HEPA ფილტრი აქვს.
შინაური ცხოველების ალერგენები ნოხებში დიდი რაოდენობით გროვდება, ამიტომ, გირჩევთ ამოიღოთ ხმარებიდან, რომ მოიშოროთ აკუმულაციის კერები. სასურველია საძინებელში ნაკლებად შეუშვათ ცხოველები და დაბანოთ კვირაში ერთხელ, რომ შემცირდეს ალერგენების კონცენტრაცია.
რაც შეეხება ობის სოკოს, ის სველ წერტილებში - სააბაზანოში, სამზარეულოსა და საპირფარეშოში გვხვდება შავი წერტილების სახით. შავი ლაქები სპეციალური ქიმიური საშუალებებით დაამუშავეთ. თუ მოუწესრიგებელი წყალგაყვანილობის სისტემა გაქვთ, აუცილებლად შეაკეთეთ, რომ სინესტე შემცირდეს.
მედიკამენტური მკურნალობის დაწყება სიმპტომების ინტენსივობისა და გამოვლენის ფორმების მიხედვით ხდება. ამისთვის სხვადასხვა სახის ანტიჰისტამინურ საშუალებებს ვიყენებთ. ზოგჯერ ნაზალური სპრეი ან იმუნოთერაპიაც ინიშნება.