გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შემუშავებული და კომპანია "ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატების" მიერ წარმოებული ფაგური პრეპარატები მაღალეფექტური ანტიბაქტერიული საშუალებებია. კომპანია აწარმოებს 6 სერიულ პრეპარატს: "პიო ბაქტერიოფაგს", "ინტესტი ბაქტერიოფაგს", "სტაფილოკოკურ ბაქტერიოფაგს", "სეს ბაქტერიოფაგს", "ენკო ბაქტერიოფაგსა" და "ფერსისი ბაქტერიოფაგს", რომელთაც ქართველი და უცხოელი ექიმები სხვადასხვა ბაქტერიული დაავადების სამკურნალოდ იყენებენ. პრეპარატების გამოყენება ხდება ადგილობრივად, ინფექციის წყაროს მიხედვით (კანის ზედაპირი, ჭრილობა თუ სხვა), ასევე დალევით (მაგ. საჭმლის მონელებელი სისტემის ინფექციების დროს).
ინსტიტუტისა და "ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატების" მიერ მუდმივად მიმდინარე კვლევისა და განვითარების პროცესების დამსახურებაა ის, რომ ფაგების აღნიშნული პრეპარატები საკმაოდ მაღალი ხარისხითა და ეფექტურობით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ფაგური პრეპარატი სრულიად უვნებელია და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. დღეს ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომია როგორც "ბაქტერიოფაგის" ავტორიზებულ აფთიაქში, ისე "ფარმადეპოსა" და "ჯიპისის" სააფთიაქო ქსელებში მთელი საქართველოს მასშტაბით. თითოეული პრეპარატი ატარებს სპეციალურ სამარკო ნიშანს, რომელიც ადასტურებს, რომ ის შემუშავებულია გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში.
აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა სტანდარტული ფართო სპექტრის ფაგური პრეპარატებისა, ელიავას სახელობის ინსტიტუტის ბაზაზე მზადდება პერსონალიზებული ფაგური პრეპარატები, რომლებიც კონკრეტული პაციენტის ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიის წინააღმდეგ გამოიყენება. ინსტიტუტში შექმნილ სერიულ და ინდივიდუალურად მომზადებულ პრეპარატებზე "ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატების" დირექტორი ვახტანგ ფავლენიშვილი გვესაუბრება.
პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ფაგოთერაპიის პოპულარობის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ანტიბიოტიკების აღმოჩენა გახდა. იმ დროისთვის ანტიბიოტიკი იყო უფრო მარტივი და ეფექტური საშუალება და კურნავდა პრაქტიკულად ყველა ბაქტერიულ დაავადებას. მეორე მხრივ, იმ ეპოქაში არსებული ტექნოლოგიების დონე ბაქტერიოფაგების სიღრმისეულად შესწავლის საშუალებას არ იძლეოდა. ამიტომ, ფაგოთერაპიამ თავისი პოპულარობის პიკს ვერ მიაღწია. დღევანდელ დღეს რეალობა შეიცვალა და პრაქტიკულად ახლიდან ხდება ფაგების ფენომენის აღმოჩენა. ექიმები დარწმუნდნენ, რომ მარტო ერთი საშუალებით, ანტიბიოტიკით, ყველაფერს ვერ უმკურნალებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქრონიკული დაავადებების რიცხვი მატულობს, ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენებამ კი რეზისტენტობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ბაქტერიოფაგები რეალური ხსნად გვევლინება ინფექციური დაავადების სამკურნალოდ.
რაც შეეხება თავად ფაგების ფენომენს, მისი ისტორია იმდენივე წლის არის, რამდენისაც ჩვენი სამყარო. ბუნება მიკრობული ეკოლოგიური ბალანსის შესანარჩუნებლად სწორედ ბაქტერიოფაგებს იყენებს. ფაგი, სიცოცხლის ეს უმცირესი ფორმა, ბაქტერიის ბუნებრივი მტერია. ელიავას ინსტიტუტის უნიკალურობა სწორედ ისაა, რომ თითქმის საუკუნოვან გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით, ინსტიტუტში იქმნება ყველაზე ეფექტური და ოპტიმალური "კოქტეილები" ბუნებრივი ბაქტერიოფაგებისგან, რომელთაც მაქსიმალური კლინიკური ეფექტურობა აქვთ.
ელიავას სახელობის ინსტიტუტს, ფაგების გამოყენების თითქმის 100-წლიანი ისტორია აქვს. ჩვენი კომპანია, "ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები" სწორედ იმ კონსორციუმის საწარმოო ნაწილია, რომელიც არსებული სახით მოღვაწეობას 2008 წლიდან იწყებს. ამ პერიოდიდან, ჩვენი პრეპარატები უკვე განახლებული სახით იყიდებოდა "ბაქტერიოფაგის ავტორიზებულ აფთიაქში", რომელიც ასევე ელიავას სახ. ინსტიტუტის ტერიტორიაზე მდებარეობს. დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, უფრო აქტიურები გავმხდარიყავით საქართველოში და ჩვენი ექვსივე პრეპარატი უკვე ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, "ფარმადეპოსა" და "ჯიპისის" სააფთიაქო ქსელებში. მათი შეძენა შესაძლებელია როგორც ფიზიკურად აფთიაქებში, ისე ონლაინ, აღნიშნული აფთიაქების საიტებისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით.
განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პრეპარატები თანაბრად ეფექტურია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვებსა და მოხუცებში, ასევე ორსულებსა და მეძუძურ დედებში.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფაგების გამოყენების საკმაოდ დიდი ტრადიცია არსებობს საქართველოში და შესაბამისად, არსებობს უამრავი ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ გამოიყენოს ეს პრეპარატები და ინსტრუქციებით ხელმძღვანელობს. მაგალითად, ბევრ ჩვენგანს მოგზაურობისას ან ზღვაზე დასასვენებლად წასვლისას თან მიგვაქვს "ინტესტი ბაქტერიოფაგი", რათა თავი დავიცვათ პოტენციური საკვები გამაღიზიანებლებისა და ბაქტერიული მოწამვლებისგან. ანოტაციაში მითითებულია როგორც რეკომენდებული მიღების დოზები, ისე ხანგრძლივობა.
ჩვენს ექვსივე პრეპარატს აქვს მსგავსი დიზაინი განსხვავებულ ფერებში. რა თქმა უნდა, განსხვავებულია მათი დასახელებები, მაგრამ ყველა პრეპარატზე შეხვდებით ჩვენს ლოგოტიპს და წარწერას, რომ პრეპარატი შემუშავებულია გიორგი ელიავას სახელობის ინსტიტუტში. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული სიამაყის საფუძველია, რადგან ვართ ელიავას ინსტიტუტის ექსკლუზიური პარტნიორი, ვიზიარებთ მათ უზარმაზარ და შეუფასებელ ცოდნასა და გამოცდილებას.
თითოეული პრეპარატის ინსტრუქციაში დეტალურადაა მოცემული, რომელი გამომწვევი ბაქტერიების მიმართ არის პრეპარატი ეფექტური და მითითებულია გამოყენების რეკომენდაციები.