ნატალია ჩხეიძე პროექტით "მასტერშეფი" მთელმა საქართველომ გაიცნო. სანამ ეკრანზე გამოჩნდებოდა, მანამდე უამრავმა ადამიანმა მის სახლში იმოგზაურა სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები" - ვაკელი ჩიკას ეკრანული სახლი სწორედ ნატალიას და მის ქმარს დიმიტრი ჩხეიძეს ეკუთვნის. ნატალიამ თავის ოჯახურ ცხოვრებასა და ტავის ცნობილ სახლზე ჟურნალ "შინის" საახალწლო ნომერში ისაუბრა:
- დიტო ჩემზე 11 წლით უფროსია. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ასაკით დიდი ქმარი მეყოლებოდა. გაცნობის ისტორია საკმაოდ სასაცილოა. ერთმანეთი სოციალისტურ პარტიაში გავიცანით. მე და ოთარ ჭითანავა ოჯახებით ვმეგობრობდით, ჩვენთან ხშირად დადიოდა. ერთხელ მოდის და მეუბნება: ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე სჭირდებათ სოციალისტურ პარტიაში და მინდა, შენ იყოო. დავთანხმდი. წამიყვანა პარტიის მთავარ ოფისში, გამიკეთეს მანდატი და გამიშვეს ხელის მოსაწერად დიტოსთან, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი. რომ გამოვედი, გამომყვა და გაცილება შემომთავაზა. მე ვუთხარი: არ არის საჭირო, მძღოლი მელოდება-მეთქი. გარეთ გასულს მძღოლის ნაცვლად მამაჩემი დამხვდა, საბარგულს ასუფთავებდა. "სოფლიდან ჩამოვედი, წითელი ღვინო ჩამექცა და ვწმენდ", - მეუბნება მამაჩემი. "მერე მაგ ღვინოს გასინჯვა არ უნდა?!" - უთხრა დიტომ.
3 კვირის შემდეგ დედაჩემის ოთახში ჩუმად დავინიშნეთ და 16 წლის ნატალია ტლაშაძე ცოლად გავყევი დიმიტრი ჩხეიძეს. ძალიან მკაცრი მშობლები მყავს, მაგრამ დიტომ მათი ნდობა დაიმსახურა და თამამად "ჩამაბარეს პატრონს".
დიტოს ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩემს განვითარებაში და მადლიერი ვარ მისი. ყველა ქალს ვუსურვებ მისნაირ ქმარს. როგორც ჩანს, ორივეს აღმოგვაჩნდა სიყვარულის ნიჭი იმდენად, რომ ვახერხებთ, ჩვენი ყოველი დღე მრავალფეროვანი იყოს.
საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება გვაქვს გამოვლილი, სულ ვიბრძვით და ახლაც ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ, მაგრამ სულ ვცდილობთ, ხალისი შევინარჩუნოთ. ერთხელ თუ ამოვარდი "ხალასი რელსებიდან" და გაბოროტდი, ბოღმა იმ დონეზე ჩაგითრევს, რომ თავად აღმოჩნდები ცუდ მდგომარეობაში.
თავიდან წინააღმდეგი ვიყავით, მთელი ოჯახი ვმუშაობთ და ნამდვილად არ გვქონდა არც დრო და არც სურვილი, რომ ჩვენი სახლი გადამღები ჯგუფითა და მსახიობებით გავსებულიყო. თან იმდენი არიან, რომ სახლში სრული საგიჟეთი იყო ხოლმე, მაგრამ ამავე დროს ძალიან ყოჩაღები არიან, სახლს რა მდგომარეობაშიც ვტოვებდი, ისეთივე მხვდებოდა. ახლა მიხარია, რომ დავთანხმდით - ჩვენი სახლი ყველაზე პოპულარული სერიალის ისტორიის ნაწილი გახდა. გარდა ამისა, საქმიანი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა, ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი და ახალი მეგობრები შევიძინე.
ინტერვიუ სრულად და სახლის ფოტოები იხილეთ ჟურნალი "შინის" ზამთრის ნომერში