თითქმის ერთი წელია ურთულესი გამოწვევის წინაშე დგანან და დაუნდობელ საუკუნის ჭირს ადამიანების სიცოცხლეს სტაცებენ ხელიდან საკუთარი ჯანმრთელობის ფასად. ქართველი მედპერსონალი, რომელსაც ლამის 24-საათიანი ეკიპირებით კრიტიკულ კოვიდპაციენტებთან აქვთ საქმე, ის ადამიანური რესურსია, რომელზეც ჩვენი ყოფნა-არყოფნაა დამოკიდებული. "კვირის პალიტრა" ბოჭორიშვილის კლინიკის ახალგაზრდა ექიმ-ინფექციონისტ ხატია ხატიაშვილს და
ამავე კლინიკის ბოქსირებული სექტორის მედდა იზა აზმაიფარაშვილს გაგაცნობთ.
ხატია ხატიაშვილი, ექიმი-ინფექციონისტი:
- ჩვენთან პირველი პაციენტი 19 მარტს შემოვიდა. ახალგაზრდა ექიმებს ადრე პანდემიასთან არ გვქონია შეხება და შიშთან ერთად ინტერესიც იყო. თავიდან ძალიან რთული იყო პაციენტების განაწილება ბოქსირებულ განყოფილებაში, იყო ეკიპირების პრობლემა
- ერთმანეთს ვასწავლიდით, სწორად როგორ ჩაგვეცვა და როგორ დაგვეცვა თავი, მაგრამ თანდათან შევეჩვიეთ და ეს ჩვენი ყოველდღიურობა გახდა...
- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი, უფრო სწორად, არაჩვეულებრივი დღე?
- კლინიკაში დილის 9-დან იწყება მუშაობა: ჯერ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად განვიხილავთ რთულ პაციენტებს, შემდეგ ყველანი ვიფუთებით და ეკიპირებულები შემოვლას ვიწყებთ. ჩვენს განყოფილებაში 100-ზე მეტი პაციენტია, ამიტომ შემოვლა 3-4 საათს მიმდინარეობს. ყველას თავისი ექიმი ჰყავს და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ჩვენს პაციენტებს წარვადგენთ, ვაფასებთ მათ მდგომარეობას და ვგეგმავთ, რა უნდა გავაკეთოთ. ამის მერე ყველა ექიმი ინდივიდუალურად გეგმავს, პაციენტს რა სჭირდება –- კვლევა თუ ანალიზი. კორონას სჩვევია მდგომარეობის სწრაფად დამძიმება, ამიტომ დღის განმავლობაში რა დახმარებაც სჭირდებათ, ვუწევთ, მერე მორიგეობაზე ვრჩებით და 6 საათის შემდეგ ახალი სამუშაო დღის ათვლა იწყება.
- ეკიპირებული მუშაობა, ალბათ, რთულია...
- ექიმების გარდა, ექთანებიც ეკიპირებული არიან და უფრო მეტხანს, 8-9 საათს უწევთ შეფუთულებს მუშაობა. ეს საკმაოდ რთულია, რადგან ორგანიზმში ჰაერის შეღწევადობა მცირდება, თუმცა ამასაც მივეჩვიეთ. შეიძლება დღეში 3-4-ჯერაც მოგვიწიოს ეკიპირების ჩაცმამ. ძველ ფორმას აუცილებლად ვანადგურებთ, ალბათ, ამან გადაგვარჩინა, დღემდე ინფიცირებული რომ არა ვართ. ჩვენთან, კლინიკაში, უფრო ნაკლებია ინფიცირების საფრთხე, ვიდრე გარეთ, ჩვენ ერთმანეთის გვერდითაც რესპირატორებით დავდივართ.
სულ მინდოდა ცხელ წერტილებში მემუშავა. მომწონს ექსტრიმი. ინფიცირებულებთან კონტაქტი და რეჟიმიც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ შედეგია სასიამოვნო.
ჩვენთან ძალიან მძიმე პაციენტები არიან, უმრავლესობა ჟანგბადდამოკიდებულია, თანმხლები დაავადებებით, გართულებებით, ხშირია ფატალური შემთხვევებიც. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად რთულია, მაგრამ ესეც ჩვენი რეალობაა.
როცა ცვლაში ბრუნდები და პაციენტი აღარ გხვდება, ანუ გარდაიცვალა, თითქოს ახლობელი დაკარგე. მერე იწყება ფიქრი იმაზე, ყველაფერი ისე თუ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო. არის უძლურების განცდაც...