ძველი ჩინური სწავლების მიხედვით, ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზონა საძინებელია, რადგან ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ იქ ვატარებთ. ფენ შუი, რომელიც ნივთების განლაგების ხელოვნება გახლავთ, გვასწავლის, რომ არსებობს უხილავი ძალები, რომლებიც წყვილის, ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე, სიყვარულზე ახდენენ გავლენას. რა უნდა ქნას წყვილმა, რომელთაც რაიმე სახის პრობლემა, უთანხმოება, ან დაძაბულობა აქვთ, როგორ მოაწყონ საძინებელი, რა ნივთები განათავსონ იქ, ამის შესახებ რჩევებს ფენ შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი გვიზიარებს.
- თუ წყვილს აქვს პრობლემა, ფენ შუის მიხედვით რამდენიმე რჩევას ვთავაზობთ. მაგალითად, 2021 წელს კონფლიქტების ვარსკვლავი მოდის სამხრეთ დასავლეთ სექტორში, ქალების სექტორში და ამავე დროს ეს არის სიყვარულის სექტორიც. ბევრი წითელი ფერი, მხოლოდ და მხოლოდ წითელ ფერს, წითელ სანთლებს შეუძლია გაანეიტრალოს ეს ვარსკვლავი.
ასევე, შეუძლიათ საწოლის ქვეშ ხუთი ფერის, ხუთი ელემენტის გააქტიურება მინერალებით ან კრისტალებით. პატარა თეფშზე უნდა დაალაგონ ხუთი ფერის ქვა, კერძოდ წითელი, ყვითელი, მწვანე, თეთრი და ცისფერი.
ასევე, ღალატისგან დაცვა ხდება დასავლეთ სექტორში და ამის უნიკალური ნივთი არის მამლის ფიგურა, რომელიც დაცვისთვის უნდა დადგათ დასავლეთ სექტორში. ასევე, ფენ შუის მიხედვით არის ფორმულა, ატმის ყვავილი, რომელიც აქტიურდება წყვილის საძინებელში და ამ ფორმულის მიხედვით, ყველა ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია განათავსოს თავისი ატმის ყვავილის ფიგურა და დადოს საძინებელში, რომ დაიცვას პირადი ურთიერთობები.
საახალწლოდ ძალიან საინტერესო რამეს გასწავლით. როდესაც დგამთ ნაძვის ხეს, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ ნაძვის ხეზე დაკიდოთ ის სურვილი, რისი მოზიდვაც გინდათ 2021 წელს. ზოგს უნდა შვილი, ზოგს უნდა სიყვარული, შესაბამისად შეგიძლიათ ან პატარა ანგელოზი, ან ბავშვის ფაჩუჩი დაკიდოთ, ასევე შეგიძლიათ დაკიდოთ სუვენირი შეყვარებული წყვილის გამოსახულებით, წყვილი ბეჭედი და ა.შ. თქვენი სურვილის შესაბამისად.
31-ში, როდესაც შემოუსხდებით სუფრას, ოჯახის წევრებმა ყველამ დაიწყეთ სურვილების წერა, სურვილების რაოდენობა სულ უნდა იყოს 52, რადგან მთელს წელიწადში არის 52 კვირა. დაკეცეთ ეს სურვილები და ჩაალაგეთ პატარა ყუთში. ყოველ კვირა ამოიღეთ თითო სურვილი, წაიკითხეთ და დაწვით. დაიმახსოვრეთ, რომ უნდა დაწეროთ მარტივი სურვილებიც, რომელიც იცით, რომ შესრულდება. შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ეს სურვილები, რომ მერე შეამოწმოთ, რა სურვილი აგისრულდათ. ძალიან ხშირად, როცა ადამიანებს სურვილები უსრულდებათ, არ ახსოვთ, რომ ეს სურვილი ჰქონდათ დაფიქსირებული სამყაროს წინაშე.
სურვილების ასრულებას და ბედნიერ დამდეგს გისურვებთ!
მერი ბლიაძე