4 წლის ელენემ ჯერ წესიერად ლაპარაკიც არ იცის, მაგრამ უკვე იცის სიტყვები „საშინელი ვირთხა“!
"ისინი ოთახში დარბიან და იკბინებიან! საშინელები არიან! აი, ჩემი დაც დაკბინეს!“ - ჩვენი დანახვისთანავე დაიჩივლა ელენემ. ალბათ, ეს შემზარავი მოგონება მის მშვენიერ თავში სამუდამოდ დარჩება...
სურათმა, რომელიც თვალწინ გადაგვეშალა, როდესაც მეტრეველების ოჯახს ვეწვიეთ, ფონდის მრავლისმნახველ თანამშრომლებს ენით აღუწერელი თავზარი დაგვცა. ანა-მარია სულ რაღაც წლინახევრისაა - ვირთხა თავს სწორედ მას დაესხა; მისი უფროსი დაიკო, ელენე კი 4 წლის არის. პატარები დედასთან, ნანასთან (35 წლის) ერთად ნაგავსაყრელზე ცხოვრობენ, შენობაში, რომელიც ძაღლის ბუნაგს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს...
“ვაი შენ, ჩემო თავო! - მწარედ ტირის საბრალო დედა. - ბავშვების თვალებში ყურება მრცხვენია. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ?! ისინი ნორმალური ცხოვრებას იმსახურებენ, რისი მიცემაც მათთვის მე არ შემიძლია!“
ნანა მეტრეველი სრულ სასოწარკვეთილებაშია, მას უკვე ყველანაირი იმედი გადაეწურა. მისი უკანასკნელი იმედი - ჩვენი ფონდი და მისი კეთილი მეგობრებია, რადგან არ არსებობს ცნება „სხვისი შვილები“ და ის ფაქტი, რომ ეს ანგელოზები იძულებულები არიან, ნაგავსაყრელზე იცხოვრონ, ყოვლად დაუშვებელია!
– ანა-მარია თავს ახლა როგორ გრძნობს?
ნანა: თითქოს ნორმალურად... უბრალოდ ფული არ მაქვს, ცოფზე ასაცრელად ვატარო, ამიტომ მეზობლებმა დღეს ტაქსის ფული მომცეს, რადგან ტრანსპორტი არ დადის. უბრალოდ საშინელებაა!
– ეს ადგილი მართლაც სავირთხეს უფრო ჰგავს. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, აქ როგორ ცხოვრობთ...
ნანა: როგორც ხედავთ, ჯერ არ მოვმკვდარვართ... მაგრამ ზამთარს როგორ გადავიტანთ, არ ვიცი...
– აქ საერთოდ როგორ აღმოჩნდით?
ნანა: მე უბედური ბავშვობა მქონდა. მამამ მიგვატოვა. დედა, მე და ჩემი და-ძმა და ბებია დავრჩით. საკუთარი სახლი არ გვქონდა, დედას კი ბინის ქირის გადახდა არ შეეძლო... ნაგავსაყრელზე ეს წყეული ადგილი იპოვა და ხის ძელაკებისგან კედლები საკუთარი ხელით ამოაშენა... ჩვენ არც სახურავი გვქონდა, არც იატაკი... ყველანი საბნებზე, პირდაპირ სველ მიწაზე ვიწექით... ძილის წინ ვარსკვლავებს ვუყურებდი და მწარედ ვტიროდი. ვთხოვდი და ვოცნებობდი, რომ როდესაც გავიზრდებოდი, საკუთარი კუთხე, პატარა სახლი, საკუთრი საწოლი, იატაკი და ჭერი მქონოდა! მაგრამ როგორც ხედავთ, ჩემს ოცნებებს ახდენა არ ეწერა... (ტირის.)–სკოლისთვის თავის დანებება მომიწია... მე-5 კლასიდან გამოვედი და მუშაობა დავიწყე... მაშინ 11 წლის ვიყავი. ქალაქ გორში, ბებიასთან ერთად, ვაშლის მკრეფავად ვმუშაობდი. ბავშვებიდან ყველაზე უფროსი მე ვიყავი, და-ძმა მყავს და შიმშილით რომ არ მოვმკვდარიყავით, მე ვმუშაობდი. მაშინ, ოთხმოცდაათიან წლებში, ხელმოკლე ოჯახებს დახმარებას არ აძლევდნენ. აი, ასე განვლო ჩემმა ბავშვობამ. რომ წამოვიზარდე, მეგონა, ამაზე უარესი აღარაფერი იქნებოდა და გავთხოვდი. მაშინ 15 წლის ვიყავი. თითქოს ნორმალურად ვცხოვრობდით, მაგრამ ვინც ტანჯვისთვის არის გაჩენილი, ის სამუდამოდ დაიტანჯება. ცხოვრება ქმრის ოჯახშიც ვერ ამეწყო. არაფერი გამოგვივიდა. ხან მტოვებდა, ხან უკან ბრუნდებოდა. ბოლოს მაშინ წავიდა, ანა-მარია რომ შემეძინა. ჯერ კიდევ სამშობიაროში შემატყობინა, შენი შვილია და თავად უნდა მიხედოო. ჰოდა, ვცდილობთ, გავუმკლავდეთ...
ქირის საფასურის გადახდა ვერ შევძელი, ამიტომ გადავწყვიტე, დედაჩემის სახლში დავბრუნებულიყავი. აქ აღარავინ ცხოვრობდა. ამის თქმა მრცხვენია, მაგრამ ოჯახთან არც ისე თბილი ურთიერთობა მაქვს. მხოლოდ და მეხმარება. ზოგჯერ, უცხო ადამიანები უფრო მეტს აკეთებენ ჩემთვის, ვიდრე საკუთარი ნათესავები...
იხილეთ სრულად