სალომე გოგიაშვილი მეუღლესთან - ვახო ნიკოლაიშვილთან და ოთხ შვილთან ერთად ვაკეში, საკუთარ სახლში ცხოვრობს. კეთილმოწყობილი ეზო, აუზი, კინოთეატრი, ულამაზესი ხედები - ისაა, რაც ერთი თვალის შევლებითაც კი იქცევს ყურადღებას. ინტერიერსა და სახლის განლაგება-მოწყობაზე სალომე თავად გვესაუბრა და კარგი გიდობაც გაგვიწია.
- უკვე 10 წელია, ამ სახლში ვცხოვრობთ. აშენების პროცესში მე არ მიმიღია მონაწილეობა, რადგან მაშინ ვახოს ცოლი არ ვიყავი. თუმცა ჩემი გემოვნებით შეირჩა ფერები. უპირატესობას ღია, ნათელ ტონებს ვანიჭებ, მართალია, მუქი ფერები მოდაშია, მაგრამ მე ძალიან მღლის და არ მაყენებს
კარგ ხასიათზე, შესაბამისად, ინტერიერი უფრო ღია ტონალობაშია გადაწყვეტილი. რადგანაც ძალიან სულსწრაფი ვარ ყველაფერში და არ შემიძლია ლოდინი, სასწრაფოდ შევარჩიეთ ავეჯი, მერე რაღაცები აღარ მოგვეწონა და გამოცვლა მოგვიწია. ამიტომაც სულ კამათია იმაზე, რომ ჯობს დაველოდოთ და ჩამოვიდეს ის, რაც გვინდა, ვიდრე აქ ვიყიდოთ. მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ ხოლმე და ხანდახან გაუთვალისწინებლად გვიხდება რაღაცების შეცვლა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, რადგან ერთი და იგივეს ყურება მთელი ცხოვრება მოსაბეზრებელია. მაგრამ ჩვენი სახლი ძალიან დიდია და მარტივი ცვლილებებიც კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თანაც მირჩევნია, ფინანსები უფრო სწავლა-განათლებას მოხმარდეს, ვიდრე უბრალოდ მობეზრებული ნივთი შევცვალო. თუ ფუჭდება და გამოსაცვლელია, ეს სხვა საქმეა.
სახლი სამსართულიანია. პირველ სართულზე აუზი, ბავშვების სათამაშო კუთხე და კინოთეატრია განთავსებული, მეორე სართულზე - დიდი მისაღები და სამზარეულო, მესამეზე კი - საძინებლები და კაბინეტი. სართულები ერთმანეთს დიდი მრგვალი კიბით უკავშირდება.
- რამდენიმე თვის წინ სამზარეულოს შეცვლა მომინდა. ჩაფიქრებული მქონდა, მხოლოდ კარადები შემეცვალა, მაგრამ ამას მოჰყვა კედლის მონგრევა, ოთახების გაერთიანება, იატაკის აყრა, ჭერის შეცვლა, შედეგად მივიღეთ სრულიად სხვა დიზაინის სამზარეულო. იმ პერიოდში ჩემი მეუღლე არ იმყოფებოდა საქართველოში, ვუთხარი, შენ რომ ჩამოხვალ, ყველაფერი მზად იქნება, მარტივ რამეს ვაკეთებ-თქო. ვადაში მართლა ჩავეტიე, მაგრამ სახლში რომ შემოვიდა, ცოტა ხანს ვერ მიხვდა, სად იყო... მთავარი ისაა, რომ ჩემმა იდეამ და დიზაინმა გაამართლა, რადგან მთელი ოჯახი დილიდან ღამემდე სამზარეულოში ვართ, მეგობრებიც რომ მოდიან, ყველას აქ უნდა ყოფნა, იმდენად კომფორტულია.