მარიამა დიალო შესაძლოა დღეს ცნობილი ტოპ-მოდელი ყოფილიყო, თუმცა ამის ნაცვლად, ძალიან დიდი დრო გაატარა იზოლაციაში სახეზე საშინელი გამონაყარის გამო.
2010-იანი წლების შუალედში მარიამას სახელი ქუხდა - ის აფრიკის ულამაზეს გოგონად მიიჩნეოდა. გვინეაში სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და შემდეგ "მის მსოფლიოზე" წარადგენდა თავის რეგიონს.
კონკურსის შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ელოდა უამრავი მსხვილი კონტრაქტი ცნობილ ბრენდებთან. დიალოს მონაწილეობა აქვს მიღებული "ნაიკის" და "კელვინ ლაინის" ფოტოსესიებში, საკმაოდ პერსპექტიულ მოდელად ასახელებდნენ...
თუმცა მოულოდნელად სრულიად გაქრა არეალიდან და მისი სახელი მიავიწყდათ კიდეც.
სულ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, მოეყოლა მსოფლიოსთვის რა მოხდა იმ ავად სახსენებელ 2018 წელს. როგორც აღმოჩნდა, გოგონას კანის სერიოზული პრობლემები გაუჩნდა, რომლის გამოც ქუჩაშიც ვერ გამოდიოდა, დედასთან ურთიერთობასაც კი გაურბოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სელფის გადაღებასა და პოდიუმზე დაბრუნებაზე.
მარიამას თქმით, ასეთი რეაქცია გამოიწვია ცნობილი შვეიცარიული კოსმეტიკური ბრენდის Makari De Suisse-ის გამოყენებამ. როგორც კი მისი მოხმარება დაიწყო, გაუჩნდა კანზე საშინელი გამონაყარი. მაშინვე მიმართა ბრენდს, რომ გაეგო, რამ გამოიწვია პრობლემა, თუმცა ბრენდის წარმომადგენლები თანაგრძნობის სიტყვებით შემოიფარგლნენ და თავიანთი პროდუქტების სხვა კომპლექსი გამოუგზავნეს, რომელსაც პრობლემა უნდა აღმოეფხვრა. თუმცა პირიქით - ახალმა საშუალებებმა უარესი გამოიწვია. გოგონას სახე იარებით და მუქი ლაქებით დაიფარა. მათ გასაქრობად მოუწია უშველებელი თანხების ხარჯვა კოსმეტოლოგებთან, წლების განმავლობაში.
მარიამა დიდხანს დუმდა და ფოტოებზე კანს ფოტოშოპით ამუშავებდა. თუმცა ახლა გადაწყვიტა, რომ სასამართლოში უჩივლოს ბრენდს, რომელსაც თავისი კარიერის დანგრევაში ადანაშაულებს.
25 წლის მოდელი დარწმუნებულია, რომ არა კანის სერიოზული პრობლემები, ის დიდ წარმატებას მიაღწევდა. ვნახოთ, ახლა თუ მიაღწევს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდას ცნობილი ბრენდისგან.