ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯა არსებობს, თუმცა ის უიშვიათეს შემთხვევებში გამოიყენება. რამდენიმე დღის წინ კი სიკვდილით დასაჯეს ლიზა მონტგომერი, რომელმაც ორსული ქალი მოკლა.
მსოფლიოში სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირად ფიქრობენ. ზოგიერთი თვლის, რომ არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ზოგის აზრით კი ეს ერთადერთი გზაა, რომ ადამიანებმა სასტიკი დანაშაული არ ჩაიდინონ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯა დიდი ხანია მხოლოდ რამდენიმე შტატში მოქმედებდა, თუმცა, 2020 წლის ზაფხულზე ფედერალურ დონეზე დაამტკიცეს. დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობდა სასჯელის ამ ფორმაზე. მისი თქმით, ეს მძიმე დანაშულებისთვის, მათ შორის, მასობრივი სროლის ან პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის დასჯის საუკეთესო საშუალებაა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 70 წლის განმავლობაში პირველად მიიღეს გადაწყვეტილება, სიკვდილით დაესაჯათ ქალი. 13 იანვარს ლიზა მონტგომერი სასჯელი ინდიანას შტატის ციხეში აღსრულდა - მას სასიკვდილო ინიექცია შეუყვანეს.
2004 წელს ის ორსულ ქალს სასტიკად გაუსწორდა და მოკლა. მაშინ ლიზა 36 წლის იყო. 23 წლის ორსული გოგონა, ბობი ჯო, ყალბი ანგარიშით - დარლინ ფიშერის სახელით გაიცნო. ბობი 8 თვის ორსული იყო. ისინი დამეგობრდნენ.
მონტგომერიმ ბობის მისწერა, თითქოს თავადაც ორსულად იყო. ბოლოს კი შეთანხმდნენ, რომ ლიზა მისგან ლეკვს იყიდდა. 2004 წლის დეკემბერში იგი მსხვერპლთან მივიდა, როგორც კი ორსულმა ბობიმ კარი გააღო, ლიზა შევარდა სახლში და მოკლა. შემდეგ მისი მუცლიდან ახალშობილი ამოიყვანა, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა.
გამოძიება ამ საქმით მალევე დაინტერესდა. როდესაც მონტგომერი დააკავეს, მასთან ახალშობილი გოგონაც იპოვნეს. ქალი ამბობდა, რომ ის მისი ქალიშვილი იყო და წინა დღეს გააჩინა, თუმცა მალევე დამნაშავედ სცნეს მკვლელობაში და გაიგეს, თუ საიდან ჰყავდა ბავშვი.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლიზა ბავშვობაში მამინაცვლის მხრიდან სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, რამაც, სავარაუდოდ, მის ფსიქიკაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.
2007 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განაჩენი 2020 წლის 8 დეკემბერს უნდა აღსრულებულიყო, თუმცა სასამართლომ სასჯელი 12 იანვრამდე გადაავადა. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთხელ წარადგინეს სასამართლოში ქალის ფსიქიკური პრობლემის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება არ შეცვალა.
მონტგომერის ადვოკატმა ამერიკის შეერთებული შტატები კანონის დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან მისი თქმით, ქალს მძიმე ფსიქიკური დაავადება ჰქონდა.
რაც შეეხება გადარჩენილ გოგონას. ის მამამ გაზარდა და ვიქტორია ჯო დაარქვა. დღეს 16 წლისაა.