"მალე წავალ ქალაქიდან, რომ ღმერთს ახლოს მივეკედლო... მაპატიეთ, თუ იმედი გაგიცრუეთ, ახლა მეტს ვერ დავწერ, მიჭირს!" - მამა პეტრე
"მალე წავალ ქალაქიდან, რომ ღმერთს ახლოს მივეკედლო... მაპატიეთ, თუ იმედი გაგიცრუეთ, ახლა მეტს ვერ დავწერ, მიჭირს!" - მამა პეტრე
მამა პეტრე კვარაცხელია სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს საზოგადოებას და მომავალი, რადიკალური გადაწყვეტილების შესახებ ამცნობს:

"შინაგანად ვგრძნობ, ცხოვრების რაღაც ეტაპი მთავრდება და ახალი, ალბათ უფრო საინტერესო იწყება.
ქმედითი ნაბიჯებიც გადადგმულია.
მალე წავალ ქალაქიდან, მაგრამ კავშირის გაწყვეტას არ ვაპირებ. წავალ და უფრო მეტად ვიფიქრებ საკუთარ თავზე, შეცდომებზე, შენიშვნებზე. წავალ, რომ ღმერთს ახლოს მივეკედლო, ლოცვას მეტი დრო დავუთმო... ბევრი ვიკითხო, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ვწერო...
მადლობა ჩემო ნაცნობო, უცნობო, მაგრამ ჩემთვის ძვირფასო ადამიანებო...
მადლობა, თქვენ თქვენგან დამოუკიდებლად მიმაღებინეთ ეს გადაწყვეტილება და ვერც
კი წარმოიდგენთ, როგორი უზარმაზარი სამსახური გამიწიეთ...
თქვენი თბილი სიტყვით, თქვენი განკითხვით, თქვენი სიყვარულით და სიძულვილით, ყველაფრით სასწაულად დამეხმარეთ.
წლები გავა და ამ მადლობას უფრო დიდი ფასი დაედება.
ვიცი, ბევრისთვის უცხო და მიუღებელიც იყო ჩემი ქმედება თუ საქციელი, მესმის, იცით როგორ მესმის?! იმ საზოგადოებაში, სადაც მორწმუნე არ უნდა იღიმოდეს, მარხვის დროს უნდა იტანჯებოდე და დამწუხრებული დადიოდე, გამოხტა ვიღაც გიჟი პეტრე და თქვენი ცნობიერება თავდაყირა დააყენა. მიკვირს, გულწრფელად მიკვირს, ამ ყველაფრის ფონზე ისიც როგორ გესმოდათ ჩემგან, რაც გესმოდათ და როგორც იღებდით...
მადლობა დათმენისთვის, პატიებისთვის, პატივისთვის...
მე ახლა ბედნიერი ვარ, უნაპიროდ ბედნიერი... ისეთი ბედნიერი, როგორც სიდონია, რომელმაც ქრისტეს კვართი ჩაიკრა გულში, სიხარულს ვერ გაუძლო და გული გაუსკდა...
ნეტავ
შემეძლოს, ყველას ერთად ჩაგიკრავდით გულში და თქვენთან ერთად ბევრსაც ვიტირებდი, ვიცინებდი, მაგრამ არ გავბრაზდებოდი.
მაპატიეთ, თუ იმედი გაგიცრუვეთ, მაპატიეთ, თუ მეტი ვერ შევძელი, მაგრამ ჩემი სხვაგან გადასახლება იმიტომ უნდა მოხდეს, რომ მეტი შევძლო...
ბავშვობიდან მიყვარს ქართლი, მისი ზღვასავით ვცელი მინდვრები.
ჩვევად მაქვს, თხოთზე რომ ავდივარ, ჯერ დაბლა გაწოლილ ველებს შევავლებ თვალს, ცრემლს მოვიწმენდ და მერე წირვისთვის ვემზადები.
მიყვარს ქართლი მისი დიდრონი რკონით, იკვით, ყინწვისით, ერთაწმინდით, თრიალეთის ქედით, თევდორე მღვდლით, დანახვისის მწვერვალით....
გაუსაძლისად მიყვარს და სულ მგონია, იქ ღმერთს პირისპირ ვხვდები...
ახლაც, ამ წერილის წერაში ისევ ცრემლი მიშლის ხელს, რომ წარმოვიდგენ, გიორგი სააკაძის მეძობლად უნდა გადავსახლდე.
ჩემს პატარა საცხოვრისს მუდამ მზე დაჰყურებს, დილიდან დაღამებამდე. შუაღამეც ისეთი ნათელია, თითქოს ღვთისმშობელი გადმოდგა ზეციდან, რომელსაც კელაპტარი უჭირავს ხელში და ლოცვისთვის ემზადება...
ჩემს პატარა საცხოვრისს ერთაწმინდის გუმბათი დაჰყურებს, ოდნავ მოშორებით თრიალეთის ქედი გაწოლილა და მის მხრებზე გადამხდარ ისტორიებს სიდინჯით მიყვება. დაბლა თეძამი მიიპარება უპრეტენზიოდ... გვერდით გარიყულა მიდგას ერთგულ მცველად.
ჩემი პატარა საცხოვრისის წინ უდაბნოსფერი კლდე აღმართულა მყარად, რომლის წიაღში საუკენეების წინ ბერებს სენაკები გამოუკვეთავთ, უფრო შორს დანახვისის წვერი მოსჩანს და თავს მახსენებს, კიდევ ამოდი, მადლი წაიღეო... კიდევ უფრო შორს მყინვარწვერი მარიგებს, არაფერი შეგეშალოსო...
შინაგანად ვგრძნობ, რომ ახალი ეტაპი იწყება... ეს სამზადისია.... რაღაც დიდთან შეხვედრის სამზადისი...
თუ ჩემი ნახვა მოგინდათ, იქ მოდით... ვერაფრით გაგიმასპინძლდებით, ლოცვის და იქნებ ახალი ლექსის გარდა... ის ადგილი უამრავი ადამიანის ნუგეშად უნდა იქცეს...
ახლა მეტს ვერ დავწერ, მიჭირს!..

p.S დავით, მადლობა... შენ რომ არა, ვინ იცის, უკომპასო გემივით კიდევ რამდენს ვიხეტიალებდი, ცხოვრების ამღვრეულ მორევში...
მალხაზ, იდეას შენს ოჯახში ჩაეყარა საფუძველი. რა მადლი გაქვს ასეთი... რა ძალა აქვს შენს ლოცვას... ნანა, როცა შენზე ვსაუბრობ, ერთდროულად ვიცინი და ვტირი... ვხვდები, რა დიდიც და საინტერესოც ხარ... არ იცი როგორ მეჩემები... ჩემო ნანა, ნანაია ნანა, ჩემო ნანინა... ძალიან მშობლიურო... იმ პატარა სახლში ბევრს ვისაუბრებთ...
პაპუნა, არ ვიცი, რა გითხრა... ღამეები გვითევია საუბრებში, ბევრ ღამეს გავათევთ ისევ.... შენი აზრიანი დასკვნები და ანალიზი სულს მიფორიაქებს... პაპუნა, შენი ,,ბრალია” ყველაფერი... შენ შთაბერე სული ამ ამბავს... შენ ხარ ამ ისტორიიის მთავარი ღერძი... შენ გახდი ამ სინამდვილის კუთვნილება...
გაგა, არ ვიცი რა გითხრა... ვერაფერს გეტყვი... მრცხვენია, მერიდება... როგორ მინდა ბევრი გიცნობდეს... ვიცი, არც ეს ნაწერი გესიამოვნება... სიჩუმით და უბრალოებით აკეთებ სიკეთეს.... შენ ხარ საძირკველი ამ დიდი საქმის... მინდა ბევრმა ჩვენგანმა შენგან ისწავლოს ადამიანობა...
გზადაგზა ბევრს დავწერ, ბევრს ვიფიქრებ...
ნაკლებად შეგაწუხებთ, მაგრამ მეტად მემახსოვრებით...
სადღაც მაინც შევხვდებით ერთმანეთს, ადამიანებო!.."
2475
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
არქი ეპისკოპოსი ბერია
4
დარჩი რაააა. არ წახვიდეეე არ დაგვტოვოოოო შენი პოსტი ჩვენთვის ყველაფერიააააა
23:26 / 15-01-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი