ცნობილი დიზაინერის ლელი შევჩენკოს მამა თითქმის ერთი თვეა, კორონავირუსს ებრძვის. ამის შესახებ დიზაინერი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ბევრი მოქალაქის მსგავსად, კორონას მიმართ შიში გაზვიადებული ეგონა, დღეს კი უმძიმესი რეალობის წინაშე დგას და ყველას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინოს.
"მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ფიქრობდა, რომ covid-19 არ იყო ისეთი სასტიკი, როგორადაც ახასიათებდნენ და ვამბობდი, სხვა დროსაც ყოფილა ვირუსი, გრიპი და ასეთი პანიკა რა საჭიროა-მეთქი, ვამტკიცებდი...
ძალიან მწარე სილა მომხვდა ცხოვრებისგან ამ არასერიოზული დამოკიდებულებისთვის და მამა დღემდე ხელოვნურ კომაში, სუნთქვით აპარატზე რჩება - სტაბილურად მძიმე პაციენტიაო, ყოველდღე მეუბნებიან რეანიმაციიდან.
სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ სრულიად ყველა და ამისთვის ღირს ბავშვების სახლში გამოკეტვაც, სახლში ფაჩუჩებით, პიჟამოთი სიარული და დისტანციურად მუშაობაც, ორმაგ პირბადეში ამოხუთვაც და კომენდანტის საათიც!
კი, მეც ვამბობდი - ფსიქიური შერყევა გაანადგურებს ადამიანს, ეკონომიკური კრიზისი/უმუშევრობა/შიმშილი თუ ვირუსი, რა მნიშვნელობა აქვს მეთქი?!
აქვს!!! ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!!!
ახლა ვერ ვესაუბრები მამას იმიტომ, რომ გონზე არ არის და ვერ მიპასუხებს იმ ათასობით კითხვაზე, რაც გულს მიწიწკნის...
ახლა, როცა 28-ე დღეა, სიკვდილს ვუყურებ თვალებში და არ ვიცი, როდის წამართმევს მამის თავს ან თუ დამიბრუნებს, როგორი იქნება - როცა კოვიდმა ასე ჯიჯგნა და აწვალა, ძალიან უმნიშვნელოა ყველაფერი სხვა, სიცოცხლის გარდა!
ყველაფერს ეშველება- დანგრეულ ფსიქიკასაც მალე აღვიდგენთ, ეკონომიკასაც დავაყენებთ ფეხზე, ბიზნესსაც გამოვაღვიძებთ და საინტერესო ტრანსფორმაციადაც ვაქცევთ ამ ყველაფერს მაგრამ...
არაფერი არ ეშველება იმ დაკარგულ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რასაც ანადგურებს ეს ვერაგი covid19!!!
გაიკეთეთ რა ეს პირბადეები, დაიცავით დისტანცია, მოეშვით თათბირებს, შეხვედრებს, მასპინძლობას სახლებში და გამოვიჩინოთ მეტი სოციალური პასუხისმგებლობა, ვიყოთ მეტად ლოიალურები და მადლიერები სამედიცინო პერსონალისადმი, ისინი მართლაც მაქსიმუმს აკეთებენ." - წერს ლელი შევჩენკო.