კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა,- CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერების კვლევაშია აღნიშნული.
ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის, ლესტერის უნივერსიტეტისა და სხვა მეცნიერთა ჯგუფმა 48 000-მდე იმ ადამიანის მონაცემები შეისწავლა, რომლებიც, აგვისტოს ბოლო პერიოდამდე, კორონავირუსის გამო საავადმყოფოებში მკურნალობდნენ. მათ 140 დღის, ანუ დაახლოებით 5 თვის მანძილზე აკვირდებოდნენ.
„საავადმყოფოებიდან გაწერილი ადამიანების თითქმის მესამედი სამკურნალო დაწესებულებებში ხელახლა მოხვდა და ყოველ 10 ადამიანში ერთზე მეტი გარდაიცვალა“, - წერს გუნდი კვლევის წინასწარ შედეგებში, რომელიც ჯერჯერობით სამედიცინო ჟურნალის მიერ განხილული არ არის, თუმცა ინტერნეტში განთავსებულია.
კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.
„განსაკუთრებით ხშირი იყო დიაბეტისა და ინფარქტის შემთხვევები,“ - აცხადებენ კვლევაში ჩართული მეცნიერები.
მათი განმარტებით, კორონავირუსის გამო ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი უარყოფითი ზეგავლენის მიმართ განსაკუთრებულად დაუცველები 70 წელს გადაცილებულ პირები არიან. რა ხდება საქართველოში?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პაციენტების ნაწილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ კოვიდ-19-ის შემდგომი გართულებების გამო საავადმყოფოებს განმეორებით საქართველოშიც მიმართავს.
როგორც გამყრელიძემ „ინტეპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამის შემთხვევებს კლინიკები აღრიცხავენ და ზუსტი სტატისტიკა ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
"რა თქმა უნდა, მე რაღაც ინფორმაცია მაქვს, თუმცა, სჯობს კლინიცისტებს დაუკავშირდეთ. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია სამედიცინო სტატისტიკიდან, თუმცა, ეს არ არის საბოლოო ინფორმაცია. დიდი ბრიტანეთის მსგავსი, ასეთი მიზანდასახული კვლევა, რაც ინგლისში ჩატარდა, ჩვენთან არ ტარდება, მაგრამ ე.წ. განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის. ვერ გეტყვით, რომ მათგან ყოველი მეათე დაიღუპა და ა.შ. რაც ბრიტანელების კვლევაშია. მათი კვლევა შესაბამისი დიზაინით ჩატარდა. ამ ტიპის კვლევა ჩვენთან არ გაკეთებულა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის, ოღონდ არა კოვიდის გამო, არამედ კოვიდის გართულებების გამო. ვერც იმას გეტყვით გარდაცვალების შემთხვევები ყოფილა თუ არა მათ შორის. ძალიან სენსიტიური საკითხია. იმიტომაა საჭირო, რომ შესაბამისი კვლევა ჩატარდეს. ისევე როგორც კოვიდგადატანილ პაციენტებში შემდგომი დაკვირვებები აუცილებელია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, კოვიდგადატანილ პაციენტებს გართულებების თავიდან ასაცილებლად, მედიკოსები გაწერის წინ შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ.
„ვინც გაწერილია, ყველას დარიგებას აძლევენ, რეკომენდაციებს, რომ იყვნენ თავის ოჯახის ექიმთან კონტაქტში და გარკვეული პერიოდულობით თვითმონიტორინგიც აწარმოონ. ძირითად პარამეტრებს ეუბნებიან, რაზე გაამახვილონ ყურადღება, ასევე, გარკვეული პერიოდულობით რიგი კვლევები ჩაიტარონ. განსაკუთრებით, ვისაც მომატებული რისკი აქვს, 70 წელს ზემოთაა და ვისაც სხვადასხვა დაავადება აღენიშნება - დიაბეტი, ჰიპერტენზია ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ა.შ. ეს რეკომენდაცია გაწერის შემდეგ ყველას ეხება", - განაცხადა გამყრელიძემ.