მრავალშვილიანი დედა, მოდელი და ბიზნესვუმენი წლები ცდილობდა, კარგი დედა ყოფილიყო უფროსი ვაჟისთვის - ჰარვისთვის, რომელიც სერიოზულ მოვლას საჭიროებს. თუმცა ახლა გადაწყვიტა, რომ სპეციალისტების მზრუნველობის ქვეშ გაეშვა...
კეტის საზოგადოება ტელეშოუებიდან იცნობს. ბრიტანელი ტელემაყურებელი ხშირად ადევნებდა თვალს მის ცხოვრებას - იდილიასა და ჩხუბს ქმრებთან და ბოიფრენდებთან, ხუთ ორსულობას, ასევე მრავალრიცხოვან პლასტიკურ ოპერაციებს.
მაყურებელი მის მიმართ არაერთგვაროვანია, თუმცა თაყვანსმცემლებიც ბევრი ჰყავს, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ უფროსი შვილის მიმართ გამოჩენილი მზრუნველობის გამო შეიძინა. ახლა კი საზოგადოების ეს ნაწილიც აუმხედრდა მიღებული გადაწყვეტილების გამო.
არადა, როგორც კეტი ამბობს, 18 წლის ჰარვი, რომელიც მას ფეხბურთელ დუაიტ იორკისგან ჰყავს და რომელსაც მთელი რიგი გენეტიკური დაავადებები აქვს, მათ შორს აუტისტური სპექტრის აშლილობა მძიმე ფორმით, არც მანამდე იყო ადვილი მოსავლელი. მას აქვს ასევე სეპტოპტიკური დისპლაზია, რის გამოც ფაქტობრივად ვერაფერს ხედავს, ასევე პრადერ ვილის სინდრომი, რომლის შედეგად სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება და მადას ვერ აკონტროლებს.
ბავშვის მამასთან დაშორების შემდეგ კეტი მარტო უვლიდა ჰარვის და ცდილობდა, მისთვის მაქსიმალურად კარგი პირობები შეექმნა. თუმცა წლების მატებასთან ერთად სულ უფრო გართულდა ყველაფერი, რადგან ბიჭი გაიზარდა და პრაისი ფიზიკურადაც ვერ ერევა მას და ვერ ეწინააღმდეგება აგრესიის შემოტევების თუ გადამეტებული კვების ეპიზოდებში.
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მოეძებნა მისთვის კარგი ინტერნატი და სპეციალისტების მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს უფროსი შვილი.
"ძალიან მწყინს, რომ ყოველდღე ვერ ვნახავ, მაგრამ ჰარვისთვის ასე უკეთესი იქნება. იმედი მაქვს, ის არ იფიქრებს, რომ მისი მიტოვება მინდა", - ამბობს კეტი და იმედი აქვს, საზოგადოებაც სწორად გაიგებს, მით უმეტეს, რომ ჰარვიზე ზრუნვას ფაქტობრივად მთელი მისი დრო და ენერგია მიაქვს და ოთხ უმცროს შვილს სრულფასოვნად ვერ უვლის ამის გამო.
კეტი იმასაც აზუსტებს, რომ თავად ჰარვიც არ არის წინააღმდეგი და აპირებს გამოსცადოს ხლებურად ცხოვრეობა. ინტერნატში ის ისწავლის კიდეც და იქ დაჰყოფს 25 წლამდე, მერე კი ან შინ დაბრუნდება, ან სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანენ.