ზოგჯერ სოციალური ქსელის მეშვეობით ბევრ უცნაურ ამბავს ვიგებთ. ასეთია სამი ძმის ისტორია. ისინი ორი წლის წინ ჩაკეტილ თემში ცხოვრობდნენ და ასობით რელიგიურად ფანატიკოსი ნათესავი ჰყავდათ.
მედიაში ხშირად ვრცელდება ხოლმე ამბები რელიგიური თემების ლიდერების შესახებ, რომლებსაც რამდენიმე ცოლი ჰყავთ, ახალგაზრდა ასაკშიც კი. მაგრამ, კანადაში Bountiful-ის ლიდერმა უინსტონ ბლეკმორმა ყველა რეკორდი მოხსნა. 64 წლის მამაკაცს 27 ცოლი ჰყავს.
Bountiful-ის მთავარი იდეა მრავალცოლიანობაა. სხვათა შორის, პოლიგამია კანადაში კანონის მიხედვით აკრძალულია. აკრძალულია ასევე არასრულწლოვნებთან ურთიერთობა. თუმცა, თემის ლიდერი არც მათთან ყოფნას ერიდება.
უკვე რამდენიმე წელია ადგილობრივი უფლებადამცველები სექტის ლიდერის დაპატიმრებსა და გასამართლებას ითხოვენ. ორწლიანი შინაპატიმრობის შემდეგ, კაცი ისევ თავისუფალია და კვლავ განაგრძობს ურთიერთობას და კვლავ მამა ხდება. 2019 წლის მონაცემებით, ბლეკმორს 150 შვილი ჰყავს, 1 წლის ასაკიდან 44 წლის ასაკამდე. დღეს ალბათ მათი რიცხვი გაცილებით მეტია.
დიდი ოჯახი მშვიდად და სიყვარულით ცხოვრობს, თუმცა მათგან სამმა ვაჟმა ჩაკეტილი საზოგადოებიდან გაქცევა მოახერხა და სექტის შესახებ ხმამაღლა ალაპარაკდა.
დღეს ნახევარძმები უორენი, მერლინი და მიურეი კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ და ცდილობენ, სტუდენტური ცხოვრება დაიწყონ. სოციალური ქსელი ძალიან ეხმარება და არც ისაა გასაკვირი, რომ ასეთი ისტორიის შემდეგ ძმები მალევე გახდნენ ცნობილი ბლოგერები. მათ ასიათასობით გამომწერი ჰყავთ და არ მალავენ, რომ ზოგიერთ ნათესავთან ურთიერთობა ისევ აქვთ.
ახალგაზრდა ძმები ხშირად სახალისო ფაქტებსაც აზიარებენ. მაგალითად, მერლინი თვლის, რომ ორი ტყუპი ჰყავს, რადგან ზუსტად იმ დღეს მისი და-ძმა გაჩნდა, ოღონდ სხვა დედებისგან. მამის ხაზით ძმიშვილები კი მისივე თანაკლასელები იყვნენ.
გარდა ამისა, ახალგაზრდა ძმები საკუთარ და-ძმას არ იცნობენ. უბრალოდ, მათი არსებობის შესახებ იციან. მერლინმა, უორენმა და მიურეიმ გადაწყვიტეს, რომ ერთად ყოფილიყვნენ და ერთად დაეწყოთ ცხოვრების ახალი ეტაპი. შესაძლოა მომავალში მათ კიდევ შეძლონ სექტიდან ახალგაზრდების დახსნა.