რამდენიმე დღეა ადამიანები ძაღლის ჭირის გაზრდილ შემთხვევებზე საუბრობენ. ბევრისთვის კი საინტერესოა ის სიმპტომები, რომლის აღმოჩენის შემთხვევაშიც, აუცილებელია ვეტერინართან დროული ვიზიტი. რა არ უნდა გამოგრჩეთ, თუ ოთხფეხა მეგობრების გადარჩენა გინდათ და რამდენად საშიშია ძაღლის ჭირი, თემაზე ვეტერინარი პაატა ჩხეიძე გვესაუბრება:
- ძაღლის ჭირი საკმაოდ მძიმე ვირუსული დაავადებაა. თუმცა, დროული მიმართვიანობისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში, არის შანსი, რომ ცხოველი გადავარჩინოთ. ახასიათებს ფილტვის ფორმა, ნაწლავური ფორმა, იშვიათად კანის ფორმა. ხოლო ყველაზე მძიმე ნერვული ფორმაა, რა დროსაც მკურნალობას, ფაქტობრივად, აზრი აღარ აქვს.
- რა სიმპტომები უვლინდებათ, რითაც უნდა მიხვდნენ ადამიანები, რომ აუცილებლად წაიყვანონ ვეტერინართან?
- გააჩნია, რა ფორმით ვლინდება. ხშირად ცხვირიდან და თვალიდან ჩირქოვანი გამონადენით იწყება. ცხვირი უფრო გაუხეშებული, გამომშრალი და დამსკდარია. თუ რესპირატორული ფორმაა, ფილტვების ანთებით, ხველებით, ცემინებით და ყველა იმ სიმპტომით, რაც რესპირატორულ ვირუსს ახასიათებს. არის ნაწლავური გამოვლინება, რომელიც შებერილობით, ფაღარათით ხასიათდება. კანის ფორმის შემთხვევაში არის კანის გარქოვანება, დასკდომა, ჩირქოვანი გამონაყარი და ასე შემდეგ. ნერვული ფორმის დროს კი ტიკები ეწყებათ, შეიძლება კრუნჩხვა და ძლიერი ნერწყვდენა ჰქონდეთ.
- რამდენად გაზრდილია ახლა შემთხვევები და ძაღლის კომპლექსური აცრები თუ იცავს?
- მომატებულია შემთხვევები, მაგრამ მე აფეთქებას არ ვუწოდებდი. პროცენტულად რომ შევადაროთ, დიდი განსხვავება არ არის. ამ პერიოდში ყოველთვის ბევრია ხოლმე. ადრე ჭირის ტესტი არ არსებობდა, მისი გამოყენება ბოლო წლებში დაიწყეს. ასე, რომ ჭირის დიაგნოსტირება საწყის სტადიაზე ნაკლებად ხდებოდა. ახლა, ტესტის შემთხვევაში, გაცილებით სწრაფად ხდება დადგენა. როდესაც ძაღლს ვაქცინას ვუკეთებთ, ის ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება არ დაემართება. უბრალოდ, უფრო მარტივად გადააქვს. გარეთ ძალიან ბევრი ძაღლია, რომელთა უმეტესობასაც შესაძლოა არ ჰქონდეს ვაქცინა გაკეთებული და შესაბამისად, გაავრცელონ.
- რამდენი ხანი სჭირდება ვაქცინის შემდეგ ანტისხეულების გამომუშავებას?
- ვაქცინაცია ორჯერ ან სამჯერაა საჭირო, გააჩნია ძაღლის ასაკს. ანტისხეულების გამომუშავებას კი 2 კვირა სჭირდება.
- ადამიანზე გადადების საფრთხე ხომ არ არის?
- არა, ათეული წლებია ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა არ მქონია.
- როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა ოთხფეხა მეგობრები?
-ვაქცინაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. აგრესიული დაავადებაა, ადვილად გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, შარდით, განავლით, ნერწყვით და ასე შემდეგ. საკმარისია ნაავადმყოფარი ძაღლი სადმე იყოს, პატრონმა გაიაროს იმ ადგილზე და მერე შეიძლება თავის ძაღლს მიუტანოს. მთავარია კარგი ხარისხის ვაქცინით იყოს აცრილი და დაცული იყოს ყველა ის პირობა, რაც ძაღლს ნორმალური ვაქცინაციისთვის სჭირდება. თუმცა, მარტო ვაქცინაცია საკმარისი არ არის. ცხოველის ორგანიზმიც მომზადებული უნდა იყოს. თუ თქვენი ძაღლი არ გყავთ დამუშავებული ჭიაზე, ცუდ პირობებშია, არასწორად იკვებება, არასასურველი რაციონი აქვს, ამ შემთხვევაში მისი ორგანიზმი მთლად ჯანმრთელი არ არის და საჭრო ანტისხეულებს ვერ გამოიმუშავებს.
თამარ იაკობაშვილი