ასეთი ამბები მსოფლიოში არც ისე ცოტაა და ისინი გვარწმუნებენ, რომ არასდროს არ უნდა ჩაიქნიო ხელი და გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ეს განსაკუთრებით მოზარდებისთვის არის სამაგალითო, რომლებსაც ხანდახან ჰგონიათ, რომ გამოსავალი არ არის და ყველაფერი ძალიან ცუდადაა.
ჯიმი ბატლერის ისტორია ერთ-ერთი მათგანია.
31 წლის ჯიმი ბატლერი დღეს ნამდვილი ვარსკვლავია, ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი, რომელიც ნბა-ში, "მაიამი ჰიტის" შემადგენლობაში თამაშობს. თუმცა წლების წინ ვერავინ იტყოდა, რომ მას კარგი მომავალი ექნებოდა.
მაშინ ის იყო უსახლკარო მოზარდი ტეხასის შტატის პატარა ქალაქ ტომბოლიდან, რომელიც არავის სჭირდებოდა, საკუთარ ოჯახსაც კი.
13 წლის იყო, რომცა დედამისმა, ლონდამ, სახლიდან გამოაგდო - გამოუცხადა, რომ მისი დანახვა აღარ უნდოდა და მით უმეტეს, მისი რჩენა და მასზე ზრუნვა... დღეს ჯიმის ამ თემაზე საუბარი არ უყვარს, არც მამაზე, სატვირთო მანქანის მძღოლზე, რომელსაც არაფერი გაუკეთებია შვილის შინ დასაბრუნებლად და მის საკეთილდღეოდ.
ფაქტობრივად, ოჯახმა უარი თქვა მასზე და დღეები ქუჩაში დადიოდა, მშიერი იძინებდა იქ, სადაც დაუღამდებოდა. როდესაც მისი ამბავი მისმა მეგობრებმა გაიგეს, დახმარების ხელი გაუწოდეს. ერთ-ერთი პირველი ჯერმეინ ტომასი იყო, რომელმაც თავისთან გადასვლა შესთავაზა, ორსაძინებლიან სახლში. "ძმებივით ვიყავით, განუყრელები". ტომასის მამა ტრაილერის მძღოლი იყო და დიდ ნაწილს სახლის გარეთ ატარებდა, ბიჭები მარტო იყვნენ სახლში და ხანდახან ფულიც იმდენად ცოტა ჰქონდათ, საჭმლისთვის ძლივს ყოფნიდათ.
ასე იყვნენ თითქმის ორი წელი, სანამ ბატლერის ცხოვრებაში კიდევ ერთი ნათელი წერტილი არ გამოჩნდა - კალათბურთის საზაფხულო შეჯიბრებაზე ჯორდან ლესლი გაიცნო. ჯორდანის მამა, აფროამერიკელი, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მას და მის სამ დედმამიშვილს დედა მარტო ზრდიდა.
როდესაც ლესლიმ დედას - მიშელ ლამბერტს უამბო ბატლერის შესახებ, დედა არც კი დაფიქრებულა, ოთხშვილიან ოჯახში შეიფარა უსახლკარო ბიჭი.
არა მხოლოდ შეიფარა, ყველანაირად ზრუნავდა ამ მორცხვ და წყნარ მოზარდზე, რომელიც კალათბურთზე გიჟდებოდა და მხოლოდ თამაშის დროს იყო ლაღი, თამამი და ბედნიერი...
დღეს ყველაზე მეტად სწორედ ამ ქალს ემადლიერება ჯიმი, რომელმაც ფაქტობრივად იშვილა და გზაზე დააყენა, დღეს კი მის ყველა მატჩს ესწრება. ხშირად ინტერვიუში დედადაც მოიხსენიებს და ბევრს საუბრობს მასზე...