"დედას ძალიან მძიმე დაავადება ჰქონდა... სოფელში ვცხოვრობდით, გვიჭირდა... გადავწყვიტე, მესწავლა და გადამერჩინა. ახლა ყველა პაციენტის თვალებში დედას ვხედავ"
ახალგაზრდა ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ, რომელმაც თავისი ვიდეორჩევებით უამრავი ადამიანის სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, რუსთავი2-ის დილის გადაცემაში ცხოვრების ურთულეს პერიოდზე ისაუბრა.

„ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდი, სანამ 2008 წელს დედას სიმსივნის დიაგნოზი არ დაუსვეს. თავიდან, როცა ეს დიაგნოზი გესმის, შოკში ვარდები, მაგრამ მაინც ვერ იაზრებ, რამდენად ვერაგ დაავადებასთან გაქვს გაქვს საქმე. პირველი განცდა იყო შიში, რომ მშობელს დავკარგავდი ძალიან ადრე. მეთერთმეტეკლასელი ბავშვისთვის დაავადებებში გარკვევა რთული იყო. ყოველდღე ხედავ, როგორ მოდის სასწრაფო შენს სახლში, ან თავად გარბიხარ, რომ ექიმი მოიყვანო და მიეხმარო შენს მშობელს.
ამ დროს გიჩნდება სურვილი, რომ თვითონ იყო ექიმი, ის სუპერგმირი, რომელიც დედას დაეხმარება. ეს ძალიან მძიმე დაავადება იყო და ჩვენი ძალებით მასთან ბრძოლა შეუძლებელი აღმოჩნდა. ფინანსურად ძალიან გვიჭირდა და არც უშუალო კავშირი გვქონდა ექიმებთან, რადგან სოფელში ცხოვრობდით და იქ ექიმი ძვირადღირებული ფუფუნება იყო. არც გვყავდა ექიმი. მაშინ შევპირდი დედას, რომ აუცილებლად ექიმი გამოვიდოდი, რომელიც მას გადაარჩენდა. ამ მიზნისთვის ძალიან კარგი ცოდნაა საჭირო. არადა წიგნები და ინტერნეტიც კი არ მქონდა. გამოსავალი იმაში ვიპოვე, რომ სოფელ-სოფელ დავდიოდი და ჩემზე 40 წლის ძველ წიგნებს ვშოულობდი, ბოთლებს ვაბარებდი და იმ ფულით წიგნებს ვყიდულობდი. საკუთარი შრომით ვცდილობდი, მეტი ფული მეშოვა და მეტი წიგნი მეყიდა. ყოფილა შემთხვევები, რამდენიმე დღე გადაბმულად არც
კი დამიძინია, რომ რაც შეიძლება მეტი მესწავლა და დრო მომეგო. სანამ მე უნივერსიტეტში ჩავაბარებდი და დავამტავრებდი, 6 წელი გავიდოდა, დედაჩემის ჰოჩკინის ლიმფომა კი 6-წლიან დროს არ გვაძლევდა. ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება მალე მესწავლა მთელი უნივერსიტეტის მასალა. დედასაც იმედი გაუჩნდა, რადგან მისთვის მე ვიბრძოდი. მონაწილეობას ვიღებდი ოლიმ პიადებში. 5000 ბავშვში პირველი ადგილი ავიღე, ერთი შეცდომაც არ დამიშვია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც საუკეთესო შედეგები მქონდა. სამედიცინო უნივერსიტეტშიც პირველიდა მეექვსე კურსამდე სულ ასები მქონდა, რათა არსად, არცერთ საგანში არ გამპარვოდა ცოდნა არ ვყოფილიყავი ისეთი ექიმი, რომელიც დედაჩემს ვერ დაეხმარებოდა. სამწუხაროდ, მეორე კურსზე დედაჩემი გარდაიცვალა. ძალას, რომ 24 საათი მესწავლა, მაძლევდა ის, რომ დედა მეღუპებოდა და მეტი გამოსავალი არ მქონდა, თავად დედა მაძლევდა მაგალითს, რომ ძლიერი ვყოფილიყავი. დედა მძიმე მდგომარეობაში იყო - ვერ სუნთქავდა ფილტვების ანთების გამო, თავის ტვინის გარსების ანთებისგან ცნობიერებაც ებინდებოდა, სულ ჰქონდა ცხელება, ძვლების საშინელი ტკივილი, მაგრამ ერთხელაც არ გაუცდენია სამსახური - სკოლა. კლინიკაში რომ იწვა, იქიდანაც კი გამოდიოდა და სკოლაში მიდიოდა, მოსწავლეების ისე უყვარდა და ისე ზრდიდა, როგორც ჩვენ. ეს მაგალითი იყო ჩემთვის, თუ როგორ მებრძოლა. როცა პაცინტთან შევდივარ, მის თვალებში ჩემს მშობელს ვხედავ, ყველას ვურჩევ, რომ პაციენტს ისე შეხედოს და ისე დაეხმაროს, როგორც საკუთარ ოჯახის წევრს.“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

5765
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
მზია
0
ღმერთმა დალოცოს ყველა ასეთი კარგი შვილი,უფალმა აცხონოს ყველა ასეთი ღირსეული შვილის აღმზრდელი,იმ ქვეყნად წასული მშობელი.ბრავო გიორგის ქართველობას..რა კარგად მესმის მისი..ღმერთმა დალოცოს და ამრავლოს
21:38 / 28-01-2021
natia
1
ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა.გაიხარე გიორგი.
22:50 / 27-01-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი