პარიზის მოდის კვირეულზე ცნობილი მსახიობი დემი მური მთავარი მოვლენა გახდა.
ცნობილია, რომ დემი თითქმის ყოველ წელს სტუმრობს პარიზის მოდის კვირეულს, თუმცა ამჯერად ის არა მაყურებლის, არამედ მონაწილის ამპლუაში მოგვევლინა. დიახ, 58 წლის ასაკში დემი მური პოდიმზე გამოვიდა.
ფოტოგრაფების წინაშე მსახიობმა ეფექტურ აბრეშუმის სამოსში გაიბრწყინა - განიერი შარვლითა და მხრებზე ღია მოსასხამით, ღრმა დეკოლტეთი და გრძელი სახელოებით. ამ ყველაფერს ორიგინალური ფორმის საყურეები აგვირგვინებდა.
დემი მურის გამოჩენამ გაუგებრობა გამოიწვია. პირველი კითხვა იყო: „სახეზე რა სჭირს?“. ერთი შეხედვით ცხადი გახდა, რომ მსახიობმა სახეზე კარდინალური ჩარევა განახორციელა.
პლასტიკურ ქირურგიასთან დემი დიდი ხნის „გაშინაურებულია“. ფაქტია, რომ წლის ბოლოს კვლავ მიმართა ქირურგს. როგორ გამოეპარა ეს ყვითელ პრესას? მარტივად. უკანასკნელ პერიოდში მსახიობი სოციალურ ქსელში თითქმის არ ჩანდა, თუ ჩანდა, ტრადიციული ნიღბითა და სათვალეებით.
ასე რომ, პარიზისთვის მან მხოლოდ კიმ ჯონსის კოლექცია კი არა, ახალი სახეც წარუდგინა საზოგადოებას.
სავარაუდოდ, ცვლილებები სახის ყველა ნაწილს შეეხო, ცხვირის წვერიც აპრეხილია, როგორც ინსტაგრამის თანამედროვე ნორჩ ვარსკვლავებს. შეიცვალა ტუჩის ფორმაც, ზედა ტუჩი დათხელებულია, ქვედა კი მოცულობაში გაზრდილი. თითქოს „პუ“-ს ამბობს.
მთავარი კი ღაწვებია, რომლებიც ფილერებისგან აქამდეც ბევრჯერ ჰქონდა შესწორებული. ამჯერად არაბუნებრივად გაზრდილი და ამოწეულია, თითქოს ძაფით ამოკერეს. სამაგიეროდ, მისი კანი არაჩვეულებრივად გამოიყურება და საბოლოო ჯამში 58 წლის მსახიობი ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება, თუმცა ცოტა არაბუნებრივად.