ეს პატარა ქეით ახვლედიანის ამბავია, რომელსაც ახლა ძალიან სჭირდება საზოგადოების დახმარება. ქეითს ლეიკემია აქვს, ძვლის ტვინის გადანერგვას და ძვირად ღირებულ მკურნალობას საჭიროებს. გვიამბობს ქეითის დედა კარინა გრიგორიანი:
"ეს ჩემი ქეითია...
მიყვარს ეს ფოტოები...
ის ჩემი ერთადერთი ნანატრი შვილია, რომელიც ოთხი წლის წინ დაიბადა და ერთიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ღმერთო, რა ბედნიერი ვიყავი, ახლაც ვარ, უბრალოდ ძალიან მეშინია ამ ბედნიერების დაკარგვის.
ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც რაიონში წავიყვანე დასასვენებლად და მაღალი სიცხეები დაეწყო. ის პერიოდი იყო, როდესაც ღორის გრიპის გამო ადამიანები იღუპებოდნენ. შემეშინდა, ღორის გრიპი არ ყოფილიყო. ექიმებსაც ვეკითხებოდი, ხომ არ იყო ეს ის გრიპი, თუმცა მპასუხობდნენ, ნუ გეშინიაო, რადგან ჯერ იმ რაიონში არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. სიცხეები კი არ უვარდებოდა.
დავრეკე მის ექიმთან თბილისში, ავუხსენი მდგომარეობა და მითხრა, ამეღო სისხლის ანალიზი, გამეგზავნა და მეჩვენებინა. წავედით ადგილობრივ კლინიკაში, ავიღეთ ანალიზი და გვითხრეს, რომ საათ-ნახევარში იქნებოდა პასუხი. ის ის იყო კლინიკიდან მივედით სახლში, რომ ჩემი ბიძაშვილი თავქუდმოგლეჯილი შემოვარდა, არაფერი არ აგვიხსნა და გვითხრა, რომ სასწრაფოდ თბილისში მივდივართ. ჩავსხედით მანქანაში. ვეკითხები, რა მოხდა, მითხარი-თქო. არ ვიცი, მითხრეს, რომ ცუდი ანალიზები აქვს, სასწარაფოდ წაიყვანეო.
მეგონა, მიმალავდა რაღაცას და ვეხვეწებოდი, რომ ეთქვა, ღორის გრიპი იყო თუ არა.
ჩამოვედით თბილისში, მოვხვდით ეგრევე რეანიმაციაში, შეაერთეს სხვადასხვა აპარატზე და იმ წუთიდან ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს... მოდიოდნენ ექიმები, უკეთებდნენ სხვადასხვა ანალიზს, რაღაცეებს მეუბნებოდნენ, რომელიც არ მესმოდა. მხოლოდ კალთაში მყავდა ბავშვი მაგრად ჩახუტებული (რადგან ლოგინში არ ჩერდებოდა). რამდენიმე დღემ ასე გაიარა...
ვუყურებდი, როგორ იღუპებოდნენ ბავშვები იმ განყოფილებაში და მეშინოდა, შემდეგი ჩვენ არ ვყოფილიყავით. ბოლოს კი მითხრეს, რომ მას ჰქონდა ლეიკემია და ასევე ღორის გრიპი, რომლისგანაც უკვე განკურნებული იყო. ლეიკემია მხოლოდ ტელევიზორში მქონდა გაგებული... თუმცა მამშვიდებდნენ, რომ მას არ ჰქონდა რთული ფორმა, საქართველოშიც კი იმკურნებოდა, რისიც უნდა შემშინებოდა, ეს იყო რეციდივი და რატომღაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ ქეითს არ დაემართებოდა, რადგან კვლევების მიხედვით რეციდივის შანსი იყო 0.04%.
მეორედ თავზარი დამეცა, როდესაც მითხრეს, რომ ქიმიებით აპირებდნენ მკურნალობას. არც ეს ვიცოდი, და ბოლოს, როდესაც ძალიან ვინერვიულე, ეს იყო ქიმიებისგან გამოწვეული თრომბი - ფაქტობრივად მეორედ გადაურჩა სიკვდილს. ენით აუღწერელი დღეები გავიარე, ღამე არ ვიძინებდი, მეშინოდა, ვაითუ დილით ცოცხალი არ დამხვედროდა, და როდესაც მაინც დამეძინებოდა და თვალს ვახელდი, გიჟივით მივვარდებოდი, ვაკვირდებოდი, სუნთქავდა თუ არა... ასე გადიოდა თვეები, ვიჯექი მის ლოგინთან და ღამეებს ვათენებდი ქიმიის თვლით, რომელიც წვეთ-წვეთად ისხმებოდა მის სხეულში... და ეს ყველაფერი შარშან დასრულდა.
გავიმარჯვეთ, დავამარცხეთ, მიუხედავად პანდემიისა, ბედნიერი ვიყავი, სახლში რომ ვიყავი გამოკეტილი ჩემს შვილთან ერთად. მოვიდა ახალი წელი, ათასი სიურპრიზი მოვუმზადე. ახალი წლის შემდეგ კი დაბადების დღე ჰქონდა. ოთხი წლის გახდა, გვეგონა, ყველაფერი უკან მოვიტოვეთ... თუმცა კლინიკაში მორიგ კონტროლზე მისულებს შეგვატყობინეს, რომ რეციდივი აქვს...
ყველაფერი თავიდან იწყება, თუმცა ამჯერად ფინალი არ ვიცით...
მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება, რომელიც საქართველოში არ კეთდება, საზღვარგარეთ კი დიდი თანხები ჯდება...
ისევ ვკარგავ ჩემს პატარას...
დამეხმარეთ..."
დახმარების მსურველებს ვთავაზობთ ანგარიშის და ტელეფონის ნომრებს:
#0901200127
ზარი ერთი ლარი.
საქართველოს ბანკი
#GE95BG0000000345929036
მიმღები - ქეითის დედა კარინა გრიგორიანი
თიბისი ბანკი
#GE60TB7108745064300024
მიმღები - ქეითის მამა დავით ახვლედიანი