თავისი შვილი ყველას მოსწონს და უყვარს და ყველასთვის ყველაზე ლამაზია. თუმცა ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანის კრის რემსის ცოლმა როზი რემსიმ გადაწყვიტა, რომ სულ სამი კვირის წინ დაბადებული მისი შვილი არ იყო სრულყოფილი და მის ჩარევას საჭიროებდა. ბიჭუნას ყურის ფორმა არ მოეწონა დედამისს - ოდნავ ზემოთ წაგრძელებული, ჯადოსნური ელფების ყურების მსგავსი. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს "შეცდომა" გამოესწორებინა და ინსტაგრამზე თავის მრავალრიცხოვან აუდიტორიასაც ამცნო, რომ აპირებდა ბავშვის ყურების ფორმის კორექციას. თან იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცედურა არ იქნებოდა რთული და მტკივნეული.
მოგვიანებით დადო ფოტო პროცედურის შემდეგ - ყურზე პლასტირით. ბავშვს პლასტიკატის კონსტრუქცია ჩაუდგეს, რომელიც არ აძლევს საშუალებას ხრტილს, გაიზარდოს ისე, როგორც ადრე. ზემოდან დაწებეს სპეციალური სამაგრი, რომელიც ყურებს საიმედოდ ამაგრებს და ამჭიდროვებს იმ წამახვილებულ ნაწილს...
რემსის თქმით, ის ღელავდა, რომ მომავალში ბავშვისთვის არ დეცინათ თანატოლებს და პოტენციური ბულინგისგან დაიცვა.
დედის გადაწყვეტილებამ საზოგადოება ორად გაყო. ზოგი აღშფოთდა, მეორე ნაწილი კი, წარმოიდგინეთ, ეკითხებოდა, სად შეიძლებოდა მსგავსი პროცედურის ჩატარება.