ბევრ ფულს თითქოს უნდა მოჰყვებოდეს უდარდელობა, სილაღე და კომფორტი, თუმცა ზოგიერთები ისე ექცევიან ქონების ტყვეობაში, ცხოვრების აზრად მხოლოდ ამ ქონების შენარჩუნება ექცევათ და ყველაფერს სწირავენ ამისთვის, პირად კომფორტსაც და ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობასაც კი.
ამერიკელი ემი ელიზაბეტის ანგარიშზე 5 მლნ დოლარზე მეტია. თუმცა ემის ცხოვრების წესს რომ შეხედავთ, ვერც იფიქრებთ, რომ რაიმენაირად სხვაზე მეტად არის უზრუნველყოფილი.
ემი ლას-ვეგასში ცხოვრობს, ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქალაქში და საკუთარ თავს აძლევს უფლებას, თვეში მხოლოდ 1000 დოლარი დახარჯოს. ჩვენი გადმოსახედიდან, ეს ცოტა სულაც არაა. თუმცა ლას-ვეგასისთვის, სადაც ყველაფერი საკმაოდ ძვირია, კატასტროფულად მცირე თანხაა. თუმცა მილიონერი ქალი სულაც არ აპირებს ლიმიტის გაზრდას: როცა ხვდება, რომ 1000 დოლარი არ ყოფნის, მაშინვე გადადის იაფ პროდუქტებზე და კატის კონსერვებით იკვებება, რომლებიც 30 ცენტით იაფია ყველაზე იაფ თევზის კონსერვზე.
გასაგებია ალბათ, რომ რესტორნებში არ დადის. სამზარეულოში კი მხოლოდ ერთი დანა აქვს. მას არც კი რეცხავს, რომ წყალი დაზოგოს. თუ ჭურჭელს რეცხავს, მხოლოდ ძველი ღრუბლებით. "სანამ არ დაიშლება, ვიყენებ", - ამბობს ემი. წყალს უშვებს ძალიან იშვიათად, ერთგვარი გრაფიკი შეუდგინა საკუთარ თავს. ცხელ წყალს კი იყენებს მხოლოდ ბანაობისთვის - ელექტროენერგია რომ არ დახარჯოს.
ცხოვრობს უზარმაზარ სახლში, რომელიც ქმართან განქორწინების შემდეგ დარჩა. ყოფილი ქმარი კვირაში ერთხელ მოდის მასთან სტუმრად და უფსოდ ულაგებს. აღიარა, რომ ამას იმიტომ აკეთებს, რომ ყოფილ ცოლზე ზრუნავს - სხვანაირად, ის დიდი ხანი გადავიდოდა ამ დიდი სახლიდან რაიმე ბარაკში, რომლის მოწესრიგებაც გაცილებით იაფი დაუჯდებოდა.
ამერიკელი ქალის ბიზნესი ლოს-ანჯელესშია და ლოს-ანჯელესში ის არასდროს მიემგზავრება თვითმფრინავით - საკუთარი მანქანით მიემგზავრება, რომელიც უკვე 17 წელია ჰყავს და ახალს არ ყიდულობს.
ამ და სხვა უცნაური ქცევების გამო, ემის თქმით, წელიწადში 200 ათას დოლარს ზოგავს და ამბობს, რომ ამით ინარჩუნებს სწორედ ქონებას.