ანჯელინა ჯოლიმ გამოცემა Vogue-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც დედობაზე, ასაკის მატებაზე და ცხოვრებისეულ ამბებზე ისაუბრა, რაც აქამდე არ გაუჟღერებია.
აღმოჩნდა, რომ ანჯელინას სახლი კალიფორნიაში ძალიან ახლოსაა ბრედ პიტის სახლიდან.
„მინდოდა, ბავშვებს მამა ახლოს ჰყოლოდათ. ბრედი აქვე ცხოვრობს, ჩვენგან 5 წუთის სავალზე. ეს უბანი მომწონს, რადგან ბევრი საფეხმავლო ბილიკია და საკმარისი ადგილია ხშირი სეირნობებისთვის. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ადგილი ვიპოვეთ“, - ამბობს ანჯელინა.
ჰოლივუდის ყველაზე ლამაზმა და ერთგულმა წყვილმა თავის დროზე ვერ შეძლო წინ აღდგომოდა ცხოვრებისეულ სირთულებს, რამაც მათი დაშორება გამოიწვია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 5 წელი გავიდა, ანჯელინა დარწმუნებით ვერ ამბობს, რომ კმაყოფილი და ბედნიერია.
„განშორების შემდგომი წლები საკმაოდ რთული იყო. მთლიანად ოჯახზე ვიყავი კონცენტრირებული. ყველაფერი ძალიან ნელა უბრუნდება ძველ კალაპოტს. თითქოს ყინული თანდათან ლხვება და გაყინული სისხლი მოძრაობას იწყებს" - აღნიშნა მსახიობმა.
როგორც აღმოჩნდა, ჯოლის არ აშინებს ასაკის მატება და თანდათან მოახლოებულ 50 წლის იუბილეს თამამად უსწორებს თვალს.
ანჯელინას თქმით, 40 წლის შემდეგ თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს, ვიდრე ახალგაზრდობის წლებში. ასაკი მისთვის დამსახურება და გამარჯვება უფროა, ვიდრე სევდის და შიშის მიზეზი.
მსახიობმა ღიმილით გაიხსენა ის პერიოდი, როცა შვილებთან ერთად ბატუტზე ხტოდა, ბავშვებს კი ეშინოდათ, დედას რამე არ მოეტეხა.
„ფიქრობდნენ, რომ ბატუტზე რამეს დავიშავებდი, არადა იმ პერიოდში ფილმებში მიღებდნენ, სადაც საკმაოდ რთულ ილეთებს ვასრულებდი“, - იხსენებს მსახიობი.
თავი სანიმუშო და „ტრადიციულ“ დედად არ მიაჩნია. ამბობს, რომ შეუძლია მთელი დღე ბავშვების გვერდით იყოს და ამ დროს უამრავი სახლის საქმე მოუწესრიგებელი და გაუკეთებელი დარჩეს. ბავშვებს უკვე ესმით დედასი და სულ ცდილობენ დახმარებას.